კახა კალაძე: არჩევნების ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი - მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას

კახა კალაძე: არჩევნების ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი - მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას

იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩემს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, მე მაქვს სხვა დამოკიდებულება - მათ განცხადებებს, მათ ქმედებებს აქვს ნოლის ფასი, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების განცხადება, რომ საქართველოს მთავრობის წევრებს არ შეხვდებოდნენ. ეს საბჭოური მიდგომაა, ეს დამოკიდებულება მოდის ამ რადიკალებისგან, რომელთა ნაწილი დღეს საქართველოშია და ნაწილის განცხადებებს ვისმენდით გარედან. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩემს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, მე მაქვს სხვა დამოკიდებულება. მათ განცხადებებს, მათ ქმედებებს აქვს ნულის ფასი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს, თბილისის მერი პასუხობს, რომ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა და არა სხვა ქვეყნების მაღალჩინოსნები.

„რაც შეეხება ლეგიტიმაციას, მას იძლევა ქართველი ხალხი. მე მესმის, რომ რადიკალებისთვის ქართველი ხალხი არაფერს წარმოადგენს, ისინი ყველა ერთი ფრთის ქვეშ არიან და ერთი პატრონი ჰყავთ, იმართებიან გარედან. არც საკუთარ თავს ეკუთვნიან, არც საკუთარ ოჯახს, არც ამ ქვეყანას, მათ სხვა ინტერესები აქვთ, თუმცა, ერთი რამ ცხადია - ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი. შესაბამისად, მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, ვინც ღირსეულად დადგა, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, წინსვლას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები ღიად ცდილობენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას.

„ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში პირდაპირ ვისმენთ და ვხედავთ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ, თავიანთი განცხადებებით, ქმედებებით. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, თუმცა მერწმუნეთ, ძალიან მალე ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს, ყველას გარედან აუცილებლად ექნება ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.