ნანა კაკაბაძე: საქართველოს ხელისუფლებას დღეს ბრძოლა და დაპირისპირდება აქვს არა ევროპასთან ან აშშ-სთან, არამედ ამ ქვეყნების მიერ დაქირავებულ (თუ წაქეზებულ) კონკრეტულ პიროვნებებთან

ნანა კაკაბაძე: საქართველოს ხელისუფლებას დღეს ბრძოლა და დაპირისპირდება აქვს არა ევროპასთან ან აშშ-სთან, არამედ ამ ქვეყნების მიერ დაქირავებულ (თუ წაქეზებულ) კონკრეტულ პიროვნებებთან

ლიბერალიზმის დღევანდელი გაგება, რასაც ნეოლიბერალიზმს ან ფსევდო-ლიბერალიზმს ეძახიან, მნიშვნელოვნად განსხვავდება ლიბერალიზმის ტრადიციული, კლასიკური გაგებისგან, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.

ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, რომ თუ მე-20 საუკუნეში იდეოლოგებს ფაშისტურად ან კომუნისტურად, ან, უბრალოდ, მემარჯვენეებად და მემარცხენეებად ყოფდნენ, 21-ე საუკუნეში გამყოფი ხაზი სულ უფრო მკაფიოდ ივლება ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის.

„1950 წლიდან 1980-იან წლებამდე პერიოდი, განვითარებულ სამყაროში იყო ლიბერალური დემოკრატიის აყვავების ხანა.

ლიბერალური კანონის უზენაესობა დემოკრატიას აძლიერებდა იმით, რომ იცავდა ჩვეულებრივ ადამიანებს. დემოკრატია კი კანონის უზენაესობას იცავდა როცა რიჩარდ ნიქსონი უკანონო მოსმენასა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს გამოყენებაში ამხილეს, დემოკრატიულად არჩეულმა კონგრესმა ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებისაგან მის ჩამოსაშორებლად. ლიბერალურმა კანონის უზენაესობამ საფუძველი ჩაუყარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მძლავრ ეკონომიკურ აღმავლობას, რამაც საშუალება მისცა დემოკრატიულად არჩეულ საკანონმდებლო ორგანოებს, რომ კეთილდღეობის ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული სახელმწიფოები შეექმნათ. გარდა ამისა, მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობაც უმჯობესდებოდა. ეს იყო ხანა, როცა ლიბერალიზმი და დემოკრატია ბედნიერად თანაარსებობდნენ განვითარებულ სამყაროში.

ეს იმას ნიშნავდა, რომ ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებში ძირითადად ხორციელდებოდა ადამიანური ღირსების პატივისცემის და განსხვავებული აზრის შემწყნარებლობის პრინციპები, რაც იმ პრინციპის საყოველთაო აღიარებასა და დაცვას გულისხმობდა, რომ ყოველი ადამიანის უფლებების გამოხატვის საზღვრები თავდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის უფლებების შელახვა. ეს აგრეთვე გულისხმობდა საყოველთაოდ აღიარებული, ტრადიციული უფლებების დაცვის გარანტიებს და ამის საფუძველზე უმრავლესობის მხრიდან შემწყნარებლობის გამოხატვას უმცირესობის მიმართ.

მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო რევოლუციური ცვლილებები ლიბერალიზმის გაგებაში. ამას დასაბამი მისცა აშშ-ში დაწყებულმა და თანდათან ფესვგადგმულმა ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ-სოციოლოგიურმა გადატრიალებამ, რაც იმაში გამოიხატა, რომ ამერიკელ ფსიქიატრთა გარკვეულმა ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ერთნაირსქესიანთა შორის სექსუალური მიდრეკილება წარმოადგენს არა გადახრას, არამედ ნორმას, რის საფუძველზეც დაიწყო მოძრაობა ამ ნორმის ცხოვრებაში დამკვიდრებისა და წაქეზებისათვის. ამ მოძრაობამ თანდათან მასობროვი ხასიათი მიიღო და ის, რაც 30-35 წლის წინათ სირცხვილად ითვლებოდა, დღეს არათუ ბუნებრივი, არამედ გარკვეულად ტრენდულიც გახდა. უფრო მეტიც, დღეს უკვე ლიბერალად და დემოკრატად აღარ ითვლება ის, ვინც ერთნაირ-სქესიანთა შორის სექსუალურ ლტოლვას და მათი ქორწინების ლეგალიზაციას ბუნებრივად არ მიიჩნევს, რადგან სწორედ ასეთი მიდგომა მიჩნეულია ნეოლიბერლიზმის საფუძვლად.

მაგრამ რადგან ნეოლიბერალები დღეს ჯერ კიდევ უმცირესობას წარმოადგენენ და მძაფრ წინააღმდეგობას აწყდებიან კონსერვატორულად განწყობილი უმრავლესობის მხრიდან, რომელთა ძირითად იდეოლოგიურ დასაყრდენს სხვადასხვა რელიგიური მოძღვრებებით გამყარებული ტრადიციული იდეოლოგიები წარმოადგენენ, ამიტომ მთავარი დარტყმა მათი მხრიდან სწორედ ამ ტრადიციული იდეოლოგიებისადმი არის მიმართული. მაგრამ მთელი უბედურება სწორედ ის არის, რომ ამ დაპირისპირებაში ნეოლიბერალები იყენებენ სხვადასხვა არადემოკრატიულ და არაადამიანურ ფორმებსა და მეთოდებს - დაწყებული ბულინგიდან და საზოგადოებიდან მოკვეთის მცდელობებიდან, დამთავრებული ცილისწამებებითა და სხვადასხვა პროვოკაციებით. ამაში ისინი უზომო ოდენობის თანხებს ხარჯავენ და ყველანაირად ცდილობენ უმცირესობის უმრავლესობაზე გაბატონების მოპოვებას. ფსიქოლოგიური ტერორი მათთვის მიუღებელი ადამიანების მიმართ - აი, მათი ბრძოლის მთავარი იარაღი.

ბრძოლის ფორმებითა და მეთოდებით ისინი ძალიან ჰგვანან ბოლშევიკებს და ფაშისტებს. გავიხსენოთ, რომ კომუნიზმოც და ფაშიზმიც ევროპაში აღმოცენებული იდეოლოგიებია, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ნეოლიბერალიზმმაც ევროპაში ფართოდ მოიკიდა ფეხი და ევროპის უმრავლეს ქვეყნებში სწორედ ნეოლიბერალები არიან ხელისუფლებაში. არც ის არის გასაკვირი, რომ ნეოლიბერალებს ხშირად ლიბერალურ ფაშისტებსაც უწოდებენ, რადგან სწორედ ფაშისტების მსგავსად შეუწყნარებლები არიან მათი იდეოლოგიის მოწინააღმდეგეთა მიმართ. სამწუხაროდ დღეს ფორმულა „ლიბერალიზმი=დემოკრატიას“, შეიცვალა ფორმულით „ნეოლიბერალიზმი VS დემოკრატია“. ნეოლიბერალებისთვის კონსერვატორული იდეოლოგიის მატარებლები გუშინდელი დღე, ცივილიზაციას ჩამორჩენილი განუვითარებელი ხალხია, რომლებიც უნდა განადგურდნენ ჯერ იდეოლოგიურად და ფსიქოლოგიურად, ხოლო შემდეგ ფიზიკურად. როდესაც ნეოლიბერალებს ბოლშევიკებს და ფაშისტებს ვადარებთ, გვახსენდება ქართველი ბოლშევიკების მოქმედების ფორმები და მეთოდები 19-20 საუკუნეების მიჯნაზე ილია ჭავჭავაძის და მისი პატრიოტი თანამებრძოლების წინააღმდეგ, როდესაც ილიას და მის მიმდევრებს წარმოაჩენდნენ ცივილიზაციას ჩამორჩენილებად, ბნელებად და პროგრესის წინააღმდეგ მებრძოლებად. შემდეგ „პროგრესის ჩირაღდნის მატარებელი“ ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოვიდნენ და ხანგრძლივი დიქტატურაც დაამყარეს, მაგრამ მრავალი ათწლეულის შემდე ისევ ტრადიციული დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ძალების დახმარებით დამარცხდნენ და გადაშენდნენ. ნეოლიბერალებს ბოლშევიკების მსგავსად დღეს მიაჩნიათ, რომ სწორედ ისინი არიან მანათობელი შუქურები და ბედნიერება და კეთილდღეობა მოაქვთ კაცობრიობისთვის.

დღევანდელ ქართულ ხელისუფლებას პრეტენზიად უყენებენ იმას, რომ ისინი ანტიევროპელები, პრორუსები და ჰომოფობები არიან, რადგან ცდილობენ ტრადიციული ღირებულებებისა და ეროვნული თვითმყოფადობის დაცვას. ამ შემთხვევაში ნათლად უნდა გაიმიჯნოს ევროპელობა და ნეოლიბერალური (ლიბერალური ფაშიზმის) იდეოლოგია. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას დღეს ბრძოლა და დაპირისპირდება აქვს არა ევროპასთან ან აშშ-სთან, არამედ ამ ქვეყნების მიერ დაქირავებულ (თუ წაქეზებულ) კონკრეტულ პიროვნებებთან. როგორც საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში ჩვენ იმედით შევყურებდით რონალდ რეიგანისა და მარგარეტ ტეტჩერის მსგავს დასავლელ პოლიტიკოსებს, რომ მათი დახმარებით მოხდებოდა ტოტალიტალური რეჟიმის დამარცხება და დემონტაჟი, დღეს ასეთივე იმედებით შეჰყურებენ ტრადიციული დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი კონსერვატორები დონალდ ტრამპისა და მისი მსგავსი სხვა ლიდერების ხელისუფლებაში მოსვლას დასავლეთში, რათა მათი ძალისხმევით დამარცხდეს ტოტალიტალური ნეოლიბერალური (=ნეოფაშისტური) რეჟიმები. ანტინეოლიბერალური ძალების გაძლიერების ტენდენციები ევროპაში აშკარად იგრძნობა როგორც წელს დასრულებული ევროპარლამენტის არჩევნების, ისე ევროპის 2 უდიდეს ქვეყანაში - საფრანგეთსა და გერმანიაში ამავე წელს ჩატარებული არჩევნების შედეგებშიც.

ნეოლიბერალურ ფაშიზმთან საყოველთაო დაპირისპირებაში ყველა ქვეყანას გააჩნია მათთვის დამახასიათებელი თავისებურებები. საქართველოში ამ დაპირისპირებაში გამარჯვების პერსპექტივა მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება კონსერვატორებს, თუ ჩვენი მოსახლეობა იქნება ერთიანი და კონსოლიდირებული, ან თუ რაიმე ისეთი მოხდება უშუალოდ დასავლეთში, რაც ნეოლიბერალების დასუსტება და კონსერვატორების გაძლიერება მოჰყვება. ამის ნიშნები კი აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევაში და სხვა ტენდენციებში უკვე გამოიკვეთა.

P.S.

ტრამპის გამარჯვებით შოკირებული არიან ქართველი ნეოლიბერალები, თუმცა, ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ. მაგრამ მათი შინაგანი განწყობები კარგად გამოხატა ცნობილმა ნაცმა ნეოლიბერალმა, ჯერ კიდევ დეპუტატმა რომან გოცირიძემ, რომელიც დღეს გამოქვეყნებულ პოსტში წერს:

„ტრამპის გაპრეზიდენტება ბევრ პრობლემას შეუქმნის დასავლეთს. მისი საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი არის ძალიან სახიფათო...

საქართველოს დემოკრატიისთვისაც არ იქნება ტრამპის მმართველობა ისეთივე ეფექტიანი და შემაკავებელი, როგორც ეს ბაიდენის დროს იყო. ბაიდენის ადმინისტრაციამ კარგად იცოდა აქ არსებული პრობლემები. “ორპარტიული მხარდაჭერის” ფაქტსაც ზედმეტად ოპტიმისტურად უყურებენ ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებებს მთავრობა იღებს, თუნდაც იგივე სანქციებთან დაკავშირებით. იქნება თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია ისეთივე მომთხოვნი ივანიშვილის რეჟიმისადმი, როგორიც ბაიდენის ადმინისტრაცია იყო, არავინ იცის, თანაც, როდის მოიცლიან ჩვენთვის, ესეც ძნელი სათქმელია.

საქართველოში ტრამპის გაპრეზიდენტებაში დადებითი მხარეების ძებნა დაიწყეს იმათაც, რომლებიც მანამდე მისადმი კეთილგანწყობაში არ ყოფილან შემჩნეულნი. “ჯაველინები ხომ მოგვცა”, “გადასახადებს შეამცირებს”, “ომს დაამთავრებს”, “ჩინეთს ტარიფებს დაუწესებს” და ასე შემდეგ. ზოგი პრაგმატული მოსაზრებით ამბობს ამას, ზოგმაც სწრაფი ტრანსფორმაცია განიცადა. არცაა ეს გასაკვირი.

მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოს და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკა, რა თქმა უნდა, არ შედის ოპოზიციის დღის წესრიგში და ეს უაზრობა იქნებოდა. მთავარია, ილუზიებს არ მივეცეთ და მთლად აბუჩად ნუ ავიგდებთ “ქართული ოცნების” სიხარულს. ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დროული აწყობაა საჭირო. ამის გარეშე ძნელი იქნება ქვეყანაში მზარდი ავტორიტარიზმის შეკავება““, - წერს ნანა კაკაბაძე.