ირანის მოქალაქე, ირანული რეჟიმის ბრძანებით, დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებაში ფიგურირებენ ირანის 51 წლის მოქალაქე ფარჰად შაქერი, რომელიც თავისუფლებაზე რჩება, ასევე აშშ-ის ორი მოქალაქე - 49 წლის კარლაილ რივერა და 36 წლის ჯონათან ლოუდგოლტი, რომლებიც გუშინ, 7 ნოემბერს, დააკავეს.
გამოძიების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შაქერის დაავალა აშშ-ში ირანული რეჟიმის კრიტიკოსებისთვის ეთვალთვალა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ლიკვიდაცია მოეხდინა.
თავად შაქერი აშშ-დან 2008 წელს იქნა დეპორტირებული, შესაბამისად ამ მიზნებისთვის ის თანამზრახველთა ქსელს იყენებდა - რივერასა და ლოუდგოლტს.
“დღეს გაჟღერებული ბრალდებები ააშკარავებენ ირანის მიმდინარე თავხედურ მცდელობებს სამიზნეში ამოიღონ ამერიკელი მოქალაქეები, მათ შორის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი, სხვა სამთავრობო ლიდერები და დისიდენტები, რომლებიც თეირანის რეჟიმს აკრიტიკებენ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - გამოცხადებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად - შეთქმულებაში იმყოფებოდა კრიმინალებთან და დაქირავებულ მკვლელებთან, რათა სამიზნეში ამოეღო და მოეკლა ამერიკელები ამერიკულ მიწაზე. ამას უბრალოდ ვერ შევეგუებით”, - განაცხადა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლენდმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გარდა ირანული რეჟიმი აშშ-ში სხვა პირების მკვლელობასაც გეგმავდა, კერძოდ კი ერთ-ერთ ამერიკელ ჟურნალისტს, რომელიც ირანული რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსია.