კახა დგებუაძე: ტრამპის პიროვნებამ განაპირობა, რომ არა მხოლოდ გაიმარჯვა, არამედ მიიღო დიდი ბერკეტი კონგრესის სახით. მას უკვე ჰყავს უმრავლესობა სენატში და საქმე იქითკენ მიდის, რომ ეყოლება უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაშიც

კახა დგებუაძე: ტრამპის პიროვნებამ განაპირობა, რომ არა მხოლოდ გაიმარჯვა, არამედ მიიღო დიდი ბერკეტი კონგრესის სახით. მას უკვე ჰყავს უმრავლესობა სენატში და საქმე იქითკენ მიდის, რომ ეყოლება უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაშიც

„იმედინიუსის“ საერთაშორისო მიმართულების მთავარმა რედაქტორმა კახა დგებუაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.

როგორც კახა დგებუაძემ აღნიშნა, ყველა ელოდა, რომ არჩევნების შედეგების გამოთვლას რამდენიმე დღე დასჭირდებოდა და მოულოდნელი იყო, როდესაც არჩევნებიდან რამდენიმე საათში საზოგადოებამ მისი შედეგები შეიტყო.

„ტრამპის გამარჯვება მოულოდნელი არ იყო ისევე, როგორც მოულოდნელი არ იქნებოდა კამალა ჰარისის გამარჯვება. მოულოდნელი იყო ის, რომ ასე უცებ გავიგეთ შედეგები. არსებობდა მყარი მოლოდინი, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენას დასჭირდებოდა რამდენიმე დღე, ვინაიდან ყველა გამოკითხვის თანახმად, კანდიდატები მჭიდროდ იყვნენ რეიტინგში ერთმანეთთან და მოლოდინი იყო, რომ ბოლო ბიულეტენამდე მოუწევდათ ამერიკაში ხმების დათვლა. რეალობა აღმოჩნდა ის, რომ ტრამპმა ჩვენი დროით 10-11 საათზე უკვე გაინაღდა გამარჯვება, რაც ნამდვილად დიდი მოულოდნელობაა.

რაც შეეხება „რესპუბლიკელების“ ტოტალური ტრიუმფის მიზეზებს, პირველ რიგში ეს არის ტრამპის პიროვნება. ამას ჩვენ ვერანაირად ვერ გავექცევით. ტრამპის პიროვნებამ განაპირობა ის, რომ არა მხოლოდ გაიმარჯვა, არამედ მიიღო დიდი ბერკეტი კონგრესის სახით. მას უკვე ჰყავს უმრავლესობა სენატში და საქმე იქითკენ მიდის, რომ ასევე ეყოლება უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში. ეს ნიშნავს, რომ ტრამპს აბსოლუტურად გაშლილი აქვს ხელები - იქნება ეს დანიშვნები, კანონების მიღება, კანონების გატარება, რაღაცების აკრძალვა. მოკლედ, მთელი პაკეტი მიიღო ტრამპმა პრეზიდენტობასთან ერთად“, - აღნიშნა კახა დგებუაძემ.