აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩეული ჯეი დი ვენსი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს იმისთვის, რომ საშუალება მისცა, შეერთებოდა მის საარჩევნო კამპანიას. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა რესპუბლიკელების მხარდამჭერების წინაშე უესტ პალმ ბიჩში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ტრამპს მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის. ვიცე-პრეზიდენტად არჩეულმა კანდიდატმა პირობა დადო, რომ ის და ტრამპი ახლა უხლმძღვანელებენ ამერიკის ისტორიაში „უდიდეს ეკონომიკურ დაბრუნებას“.
„ვფიქრობ, ჩვენ ვიხილეთ უდიდესი პოლიტიკური დაბრუნება აშშ-ის ისტორიაში. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას თქვენთვის, თქვენი ოცნებებისთვის, თქვენი შვილების მომავლისთვის. ამერიკის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების შემდეგ ჩვენ ვუხელმძღვანელებთ ამერიკის ისტორიაში უდიდეს ეკონომიკურ დაბრუნებას დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით“,- განაცხადა ვენსმა.
„ფოქს ნიუსის“ მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება. წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტად არჩეულმა კანდიდატმა მხარდამჭერებს უკვე მიმართა სიტყვით და მათ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტად არჩევისთვის.