ასეთი საუბარი არ შემდგარა, ავთენტიკური ვერ იქნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური მედიის ჟურნალისტის კითხვაზე, ვის შეიძლებოდა გაკეთებინა ჩანაწერი, რომელიც „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.
„ანუ ჩანაწერის ავთენტიკურობა უკვე დადასტურებული გაქვთ და გაინტერესებთ, ვის შეიძლებოდა, ჩაეწერა? ნამდვილია ეს ჩანაწერი, თქვენ ასე იცით? ამაზე პასუხს აგებთ, რომ ნამდვილია? ჯერ ერთი, ასეთი საუბარი არ შემდგარა, ავთენტიკური ვერ იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ის კონკრეტული არგუმენტებიც დაასახელა, რომლებიც ჩანაწერის რეალურობის პერსპექტივას აბსოლუტურად კლავს.
„ერთი - ლაშა ნაცვლიშვილი იქ რაღაც სიტყვას ამბობს. აბა, წადით, ლაშა ნაცვლიშვილს ჰკითხეთ, ის სიტყვა, რომელიც ასე საუბარში არ გამოიყენება ხოლმე, შეიძლება, უფრო შინაურებთან ლაპარაკში იყოს, რამდენჯერ გამოუყენებია ის სიტყვა ბიძინა ივანიშვილთან საუბარში. მე რომ მაგ ჩანაწერს ვისმენ, პირველივე რეაქცია ჩემი იცით, რა არის? - რომ გამორიცხულია, ასეთი საუბარი არსებობდეს იმიტომ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი იმ სიტყვებით ბიძინა ივანიშვილთან არ ლაპარაკობდა.
და მეორე - გარანტირებულად შემიძლია, გითხრათ, რომ ელემენტარულად ლაშა ნაცვლიშვილს და ირაკლი კობახიძეს ავტომანქანით ერთად არ უმოძრავიათ ცხოვრებაში. ვერც არჩილ თალაკვაძემ გაიხსენა მსგავსი ფაქტი - ვერც საუბარი, ვერც ავტომანქანით გადაადგილება და მით უმეტეს, ლაშა ნაცვლიშვილის იმ ტერმინოლოგიით საუბარი ბიძინა ივანიშვილთან. იმხელა პატივისცემა და რიდი ჰქონდა და აქვს იმ კაცის და ბევრჯერ გვინახავს ჩვენ მათი საუბრები, უბრალოდ გამორიცხულია, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის და ღადაობაა, წარმოუდგენელი აბსურდია, რომ ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით ამ ტერმინოლოგიით ელაპარაკა ლაშა ნაცვლიშვილს. ეს გაგეპარათ ძალიან ცუდად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.