ნაცარი პოლიტიკური დებატებისთვის

ნაცარი პოლიტიკური დებატებისთვის

ზომიერების გრძნობა დიდი ნიჭია, თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება. ოტია იოსელიანი

ერთხელ ერთმა ამბიციურმა და საკმაოდ გავლენიანმა  ქალბატონმა ნაცნობი მუსიკოსი მიიპატიჟა და მასთან ერთად მოისურვა ბრამსის მუსიკის მოსმენა. ნაწარმოების შესრულების დროს ის არ იშურებდა კომპოზიტორის მიმართ შენიშვნებს. რეპლიკებით შეწუხებულმა   სტუმარმა მასპინძელი ასე ანუგეშა: ნუ სწუხხართ ქალბატონო, თქვენს აზრს  ბრამსისთვის არავითარი მნიშვნელობა აქვს.

დაახლოებით იგივე ხდება, როდესაც დიდ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. მასზე საუბრის პათოსით კი იმ აღშფოთებული ქალბატონის ემოციისგანაც მაინც და მაინც დიდად არ უნდა განვსხვავდებოდეთ. ეჭვი შეგაქვთ ჩემს ნათქვამში და დასაბუთებას ითხოვთ? - აი ისიც: „თუ ვინმე ამბობს “არა ევროპას,” ეს ნიშნავს: “არა საქართველოს,” საქართველოსთვის კრემლის ტანკებზე უფრო საშიში ახლა ჩეკისტების მიერ მოტყუებული, დამფრთხალი, განათლებაწართმეული, დაყრუებული და გაჯიუტებული ადამიანები არიან.“

ან კიდევ შეიძლება ასეთი სიტყვებიც  მოვისმინოთ: „თუ ვინმე ამბობს “არა რუსეთს,” ეს ნიშნავს: “არა საქართველოს.”

მართლაცდა, ემოციური მსჯელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა წინ წამოწეული: დასავლეთი და რუსეთი, დასავლეთი და ანტიდასავლეთი, ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი?

XVIII საუკუნის მიწურულის „საქართველოებშიც“ გარე სამყაროს ხომ მხოლოდ 2 ფერში აღიქვამდნენ: შავსა და თეთრში. შავი, რა თქმა უნდა, ოსმალეთი  და სპარსეთი იყო, თეთრი - რუსეთი. მაშინ რუსებს, როგორც მეგობრებს აქეთ ვეპატიჟებოდით დასახმარებლად. თუმცა როგორც დავინახეთ, მათ ჩვენი მოპატიჟების გარეშეც, თავადაც ჰქონიათ სურვილი აქ შემობრძანების და დამკვიდრების.

ეს შედარება შემთხვევით არ გამიკეთებია, ოღონდ ეგ არის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ  პოლიტიკური ინტერესების მქონე სახელმწიფოთა რაოდენობა ამჯერადაც არა სამის, არამედ კიდევ უფრო მეტი წევრითაა წარმოდგენილი: აშშ, რუსეთი, თურქეთი, ევროკავშირი, ირანი, ჩინეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი... სიჩქარეში  ხომ არ გამომრჩა რომელიმე? 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 15-20 წლის შემდეგ სხვა რეალობაში ვიცხოვრებთ, მითუმეტეს თუ ევროკავშირი საბჭოთა კავშირის ბედს გაიზიარებს, ხოლო რა იქნება რუსეთი პუტინის გარეშე, ისიც არცთუ მეგობართა გარემოცვაში, შეძლებს გაუძლოს მათ დაჟინებულ მზერას?  ესეც დროის საკითხია. 

ახლა ორიოდე სიტყვა იმაზეც თუ რატომ გვგონია, რომ დიდი პოლიტიკა ჩვენი ემოციების მიღმა დგას?

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იხსენებს:

2008 წლის 21 თებერვალს შედგა პრეზიდენტ სააკაშვილის და მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა, სადაც პუტინს უკვე გამზადებული ჰქონდა ჩვენთან სალაპარაკო თემები. მაშინ, ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ საქართველო დაისჯება დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების გამო. თუმცა, პუტინმა დაამატა, ეს თქვენი ბრალი არაა, ეს დასავლეთის ბრალიაო, რაც მთავარია თქვენი გეოპოლიტიკური განლაგების ბრალიაო. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ მას ჰკითხა, საქართველოს და რუსეთის ნორმალური ურთიერთობა აღსდგება მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ უარს ვიტყვით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზეო. პუტინმა უპასუხა: თქვენ არავინ არ გეკითხებათ, თქვენ მაინც შეგათრევენ ნატოში და თქვენს ტერიტორიაზე მაინც განალაგებენ რაკეტებს. ამიტომ, ამ თემაზე ლაპარაკი საჭირო არ არისო," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კიდევ ერთი რესპოდენტი, რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუა, რომელმაც  რუმინულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა: „კოსოვოს შემდეგ, რომლის დამოუკიდებლობის აღიარებასაც რუსეთი მხარს არ უჭერდა, კრემლმა მიიღო საქართველო. თუკი ასადის მთავრობა დაეცემა და რუსეთი ახლო აღმოსავლეთში იმიჯს დაკარგავს, ყველაზე მარტივი იქნება მისთვის სანაცვლოდ დნესტრისპირეთის დათმობა.“

აი, ეს კი უკვე უკანასკნელი ამბავია, რაც სსრკ-ს ყოფილმა გენსეკმა განაცხადა: „გორბაჩოვმა ზუსტად დაასახელა ის ორი ქვეყანა, რომელთაც უკრაინის პრივატიზირება სურთ“. ეს არის აშშ და რუსეთი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 50 მილიონიანი სახელმწიფო გაეხვევა სამოქალაქო ომში, დაიშლება ნაწილებად თუ მომხდარის მიუხედავად შეინარჩუნებს სიმშვიდეს და ერთიანობას ეს უკვე უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტი კი არაა, არამედ მათი, ვის ხელშიცაა დღეს უკრაინის ბედი.

და მაინც ის, რაც წითელ ხაზად გასდევს ჩვენს დღევანდელ  მსჯელობას, სად არის გამოსავალი?

მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ერთიანობაში. საქართველოს აღორძინება ხომ წარმოუდგენილია ერთიანი ხალხის, ანუ ნაციის არსებობის გარეშე.

„ნაცია“ კი მხოლოდ ერთი ერის წარმომადგენელთ როდი გულისხმობს, იგი გულისხმობს ერთიანი კულტურის, ერთიანი ენის და ერთიანი სახელმწიფოებრივი თვითშეგნებით გაერთიანებულ ხალხს. ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ თუ როგორ შევძლოთ შერიგება ჯერ თავად ქართველთა, ხოლო შემდგომ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა, საქართველოს გამთლიანება რომ მოხდეს.

დღეს, როდესაც ვცხოვრობთ დეტერმინირებულ მსოფლიოში, სადაც განსაზღვრულია ცალკეული სახელმწიფოების არსებობის მიზანშეწონილობაც კი, მხოლოდ ძლიერ და კონსოლიდირებულ ერებს ექნებათ შესაძლებლობა გაუძლონ დიდ ისტორიულ კატაკლიზმებს.

არის კი ეს შესაძლებელი?

არის. ამის მაგალითს კი ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერი - ფინელები გვაძლევენ. თავის დროზე მათ თავიანთი ერთობით შეძლეს ქვეყანა გადაერჩინათ სტალინის შემოტევისაგან, გაუძლეს ჰიტლერის ჭირვეულობებს, „ცივი ომის“ დროს დაპირისპირებულ მხარეებს  არ მისცეს შესაძლებლობა ფინეთის გამოყენების, ხოლო, როდესაც ყველამ დაინახა ამ პატარა, მაგრამ ამაყი ხალხის  ნება, ამან შედეგი გამოიღო, თავი დაანებეს. 

ფინელი ხალხის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა თუ თავისუფლების სიყვარულმა, როგორ გაუძლო ყველა გასაჭირსა და გამოცდას. ფინელებმა შეინარჩუნეს თავისი სახელმწიფოს რწმენა, კულტურა, ტრადიციები და  უკიდურეს ჩრდილოეთში, ყინულოვან მიწაზე შეძლეს  ქვეყნის აღორძინება და უძლიერეს სახელმწიფოთა შორის ადგილის დაკავება.