ISFED-ის საბოლოო ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნების დღეს, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით არსებითი არაფერი უწერიათ, ზოგადად უწერიათ, რომ მმართველი პარტია სარგებლობდა მნიშვნელოვანი უპირატესობით, სახელმწიფო რესურსით და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ISFED-ი უცხოური დაფინანსებით მოქმედ მთავარ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად ითვლება.
„დავანებოთ თავი ამ ორგანიზაციის რეპუტაციას. ვიცით, რომ ისინი არიან მიკერძოებული და არ მალავენ მიკერძოებას კონკრეტული პარტიების სასარგებლოდ. ISFED-ის საბოლოო ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნების დღეს. წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით არსებითი არაფერი უწერიათ. ზოგადად უწერიათ, რომ მმართველი პარტია სარგებლობდა მნიშვნელოვანი უპირატესობით, სახელმწიფო რესურსით და ა.შ. რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსს, აქ ერთ საინტერესო დეტალია. წალენჯიხაში, ადმინისტრაციული რესურსი არის ოპოზიციის მხარეს და წალენჯიხაში მივიღეთ 48%-ზე მეტი. თუ შეადარებთ გარშემო მუნიციპალიტეტებს ამ შედეგს, ზუსტად მიჰყვება იმ თანაფარდობას, რაც გვქონდა წინა არჩევნებზე. წალენჯიხის შემთხვევა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ რესურსს არავითარი გავლენა არ ჰქონია საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე. რა სხვაობაც იყო მაგალითად წინა არჩევნებზე წალენჯიხასა და ჩხოროწყუს შორის, იგივე სხვაობა არის ახლაც. რეალურად ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ არავითარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და მით უმეტეს, არავითარი არც არსებითი და არაარსებითი გავლენა არ ჰქონია არჩევნების შედეგებზე", -განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ადმინისტრაციულ რესურსში საარჩევნო პროცესში მერების მონაწილეობას გულისხმობენ, რაც არა ადმინისტრაციული რესურსის, არამედ პოლიტიკური რესურსის გამოყენებაა.
„მერი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და მისი მონაწილეობა არჩევნებში არის არა ადმინისტრაციული რესურსის, არამედ პოლიტიკური რესურსის გამოყენება, რაც ნებისმიერ არჩევნებს თან უნდა ახლდეს. საუბრობენ იმაზე, რომ ხდებოდა „ფეისბუქის" პოსტების გაზიარება, დალაიქება და ეს არის თრმე ადმინისტრაციული რესურსის საშინელი გამოყენება. მათ ანგარიშში წერია, რომ მოხდა გარკვეული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროგრამების ინიცირება. აქ ალბათ საუბარია საარჩევნო პროგრამაზე. ეტყობა, საარჩევნო პროგრამა არ უნდა წარგვედგინა. სხვა არავითარი პროგრამის ინიცირება ჩვენი მხრიდან არ მომხდარა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა მოიცავდა ოთხწლიან გეგმებს და რა თქმა უნდა, საუბარი იყო მათ შორის ინფრასტრუქტურის სფეროშ პროექტების ინიცირებაზე და ა.შ. ანგარიშში უწერიათ საჯარო მოხელეთა მონაწილეობა სააგიტაციო ღონისძიებებში. ჩვენი მხარდაჭერა იყო საბოლოო ჯამში 54% და დაახლოებით ხომ იგივეა ჩვენი მხარდაჭერა საჯარო მოსამსახურეებში. საჯარო მოსამსახურეებიც ხომ მონაწილეობდნენ ჩვენს შეკრებებში ან სხვა ღონისძიებებში. ეს რატომ არის უპირატესობით სარგებლობა მმართველი პარტიის მხრიდან. არსად არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. საინტერესოა, რომ ერთ გვერდზე ანგარიშში არის ორი სხვადასხვა აბზაცი - ზემოთ საუბარი აქვთ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე მტკიცებით ფორმით და ქვემოთ დამატებული აქვთ სიტყვე სავარაუდო. ანუ არავითარი მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.