ეკონომიკა უკვე არის 90 მილიარდი ლარი და ჩვენი პროგრამის მიხედვით, აუცილებლად ავალთ 130 მილიარდ ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა.
რაც შეეხება სიღარიბეს, მთავრობის მეთაურის თქმით, 4%-იან მაჩვენებელზე ჩამოვა აღნიშნული მაჩვენებელი და 150 000-ს ჩამოსცდება იმ ადამიანების რაოდენობა 4 წელიწადში, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბის ზღვარს მიღმა.
„რაც შეეხება გეგმებს - ეკონომიკა უკვე არის 90 მილიარდი ლარი და ჩვენი პროგრამის მიხედვით, აუცილებლად ავალთ 130 მილიარდ ლარამდე. ბიუჯეტი თუ დღეს არის 28 მილიარდ ლარამდე, აუცილებლად გაიზრდება და გადააჭარბებს 40 მილიარდ ლარს. რაც შეეხება უმუშევრობას, 4%-იან ნიშნულამდე ჩამოვალთ. ეს არის აბსოლუტურად რეალური. გაჩნდება 200 000 სამუშაო ადგილი. 4% არის ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. ევროკავშირში არის საშუალო 6%". ჩვენ ვსაუბრობთ 4%-იან უმუშევრობაზე. რაც შეეხება სიღარიბეს, ამ შემთხვევაშიც, მაქსიმუმ 4%-იან მაჩვენებელზე ჩამოვა ეს მაჩვენებელი, ანუ 150 000-ს ჩამოსცდება იმ ადამიანების რაოდენობა 4 წელიწადში, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბის ზღვარს მიღმა", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კონკრეტული ინიციატივებია დაგეგმილი.
„ეს არის მაგისტრალური გზების მშენებლობა, რაც ჩვენ დაკავშირებადობის ფუნქციას გააძლიერებს და ესეც ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის სტიმულირებას. აქაც ძალიან ძლიერი სასტარტო პოზიციები გვაქვს. დღეს გვქონდა საუბარი იმაზე, რომ წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალური გზა დააგეს, სადაც იყო გაჭრილი მხოლოდ ერთი გვირაბი, გორთან და ქსანთან ერთადერთი ხიდი იყო აშენებული. ჯამური სიგრძე ერთის იყო კილომეტრ ნახევარი, მეორის - დაახლოებით ერთი კილომეტრი. რაც შეეხება ჩვენს 12-წლიან საქმიანობას, თითქმის 300 კილომეტრი მაგისტრალური გზა აშენდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. 34 კილომეტრი მარტო გვირაბი გაიჭრა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და 22 კილომეტრი მარტო ხიდები აშენდა. ძალიან სწრაფი ტემპებით ვმუშაობთ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვაქვს სწრაფი ტემპი, არის ის, რომ კორუფცია არ არის ამ სფეროში. დღემდე ხარჯავენ „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო მიზნებისთვის იმ ფულს, რომელსაც აკეთებდნენ მაგისტრალურ გზებზე, თავის დროზე, 2012 წლამდე. დღემდე ხმარდება მაშინ ნაშოვნი და დაბანდებული ფული მათ საარჩევნო მიზნებს. კორუფციის სიმცირე, ეფექტიანობა, ეს არის მიზეზი, რატომაც გვაქვს სწრაფი შედეგები. ახალი აეროპორტი, ანაკლიის პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ა.შ. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან სერიოზული ინიციატივები, რაც მოუტანს ქვეყანას იმას, რომ ჩვენ ოთხი წლის თავზე აბსოლუტურად სხვა დონეზე ვიქნებით განვითარების თვალსაზრისით. სავალუტო ფონდის პროგნოზები ახლაც არის ძალიან კარგი, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც ამას ვახერხებთ ხოლმე, აქაც გადაჭარბებით შევასრულებთ იმ პროგნოზს, რომელიც არის წარმოდგენილი სავალუტო ფონდის მხრიდან და ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე, ე.წ. მსყიდველობითი პარიტეტის მიხედვით, გადააჭარბებს 36 000 დოლარს. ამით ჩვენ გავასწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას, ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლით. ეს ნიშნავს იმას, რომ ამით იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე. ამ მაჩვენებლით, 2028 წლისთვის ყველა კანდიდატ ქვეყანას გავასწრებთ და პრაქტიკულად, მიზერული სხვაობა დარჩება ევროკავშირის მთელ რიგ სახელმწიფოებთან, როგორიც არის ბულგარეთი, საბერძნეთი და ა.შ.", - განაცხადა პრემიერმა.