ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო

ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო

„ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მაშინ, როცა ქართველი ხალხისთვის ხსნა აღარ იყო, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო“ - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი კიდევ ერთხელ შეახსენა.

„ჩემს გამოსვლაში გვერდს ვერ ავუვლი უცხო ქვეყნების მსახური აგენტურის „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიეროვნულ, ბოროტ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა საშინელი უბედურებები, ჩაგვრა, ძალადობა, ტერორი, შიში, ომი, ტერიტორიების დაკარგვა და გაჩუქება, 300 ათასი გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქე, ათასობით გაუბედურებული ოჯახები, რეჟიმის მიერ ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები, უდანაშაულო პატიმრები, მათ მიერ შექმნილ ჯოჯოხეთურ ციხეებში ადამიანების წამება ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდებით, ტანჯვა, გაუპატიურება ადამიანების, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, მედიის მიტაცება და დახურვა, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ბიზნესის რეკეტი, ქონებების წართმევა, მოქალაქეებისთვის ღვთისგან ბოძებული თავისუფლების წართმევა და სხვა უამრავი სისტემური დანაშაულები, რაც ყოველდღიურობა იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ქვეყანაში გამეფებული იყო სრული უსამართლობა და სრული უიმედობა. ამ ყველაფერს ემატებოდა მათი ლობისტების და მფარველების მიერ წახალისებული, აღვირახსნილი პროპაგანდა და მათ მიერ შექმნილი სიმულაციური რეალობა, თითქოს მანიაკი სააკაშვილი და სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული ღირებულებების სიმბოლო და დემოკრატიის შუქურა იყო, რაც ჩვენი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა იყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს წაართვა თავისუფლება და ღირსება შეულახა, გაასამართლა 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, პოლიტიკური ველიდან ფაქტობრივად გააქრო ოპოზიცია, ყველა მედია საშუალება ერთ ხმაში აალაპარაკა და საზოგადოება სრულ ნიჰილიზმამდე მიიყვანა, ჩვენს ხალხში მაშინ უიმედობამ დაისადგურა, თითქოს ხელისუფლების შეცვლა უკვე შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ გავიმეორებ, ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მაშინ, როცა ქართველი ხალხისთვის ხსნა აღარ იყო, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.