რამაზ პაპუაშვილი: არის პროპაგანდა, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს მთავრობას სახელი გაუტეხოს, იმისთვის რომ ოპოზიციამ შეძლოს მისი ჩანაცვლება

რამაზ პაპუაშვილი: არის პროპაგანდა, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს მთავრობას სახელი გაუტეხოს, იმისთვის რომ ოპოზიციამ შეძლოს მისი ჩანაცვლება

საფრანგეთში ქართული სახლის დამფუძნებელი რამაზ პაპუაშვილი გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.

პაპუაშვილი ევროპაში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ აგორებულ პროპაგანდაზე საუბრობს.

„არის პროპაგანდა მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს მთავრობას სახელი გაუტეხოს, იმისთვის რომ ოპოზიციამ შეძლოს მისი ჩანაცვლება. პრობლემა დღეს არის ის, რომ მნიშვნელოვანი უცხოური ძალები დღეს დაინტერესებულები არიან საქართველოს სტრატეგიული პოზიციით და ცდილობენ გავლენა მოახდინონ ქვეყანაზე.

ამ პოლიტიკას ეხმარებიან ადამიანები, რომლებსაც პირადი ამბიცია აქვთ და კონკრეტულ მომენტში ვიტყვი, ვინ არიან ისინი. ეს ორი მიმართულება იძლევა შედეგს, რომელსაც დღეს ვხედავთ. ვინ აწვდის ინფორმაციას ბატონ მაკრონს ან ბატონ შარლ მიშელს? ვინ დადის სხვადასხვა დედაქალაქში, იმისთვის რომ ისაუბროს საქართველოს შესახებ? ვინ ესვრის საქართველოს მთავრობას ტალახს ყველგან ევროპაში? მათი მისია არის ჩაანაცვლონ ხელისუფლება. ამ ადამიანებს შორის არის პრეზიდენტი, რომელიც ცდება საკუთარ სტატუსს, რომელსაც არ აქვს უფლება ისაუბროს საქართველოს სახელით მთავრობის ნების გარეშე და რომელიც ჩადის საფრანგეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ამბობს: „მე ვარ კანდიდატი და გარანტი ევროპული საქართველოსი და მოქმედი მთავრობა არის პრორუსული“. ეს არ არის ქართველი პატრიოტის ქმედება. ეს არის იმ პირის ქმედება, რომელსაც აქვს ამბიცია და რომელსაც ოპოზიცია ეხმარება. მათ არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ იმედი აქვთ, რომ ჩაანაცვლებენ მთავრობას, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის პრორუსულობის ბრალდება, რომელიც ზურაბიშვილმა და სხვადასხვა მედიამ გააჟღერა, სრულიად ყალბია, ევროპელი ჟურნალისტები კი ისეთი პირების ხელში არიან, „ვინც მათ ტყუილებს უყვება“.