შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ხუხულასავით ჩამოანგრია ოპოზიციის, „ენჯეოების“, უცხოელი დიპლომატების თუ პოლიტიკოსების პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ, რომ თითქოს ქართულ კანონს რაიმე საერთო აქვს რუსეთში მოქმედ კანონთან

შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ხუხულასავით ჩამოანგრია ოპოზიციის, „ენჯეოების“, უცხოელი დიპლომატების თუ პოლიტიკოსების პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ, რომ თითქოს ქართულ კანონს რაიმე საერთო აქვს რუსეთში მოქმედ კანონთან

დღევანდელმა დღემ, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ხუხულასავით ჩამოანგრია ოპოზიციის, „ენჯეოების“, უცხოელი დიპლომატების თუ პოლიტიკოსების პროპაგანდა და ცრუ ნარატივი საქართველოს წინააღმდეგ, რომ თითქოს ქართულ კანონს რაიმე საერთო აქვს რუსეთში მოქმედ კანონთან,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

მისი თქმით, სტრასბურგის დასკვნაში მოყვანილი, რუსეთში მოქმედ კანონში არსებული 6 დარღვევიდან არცერთს ითვალისწინებს ქართული გამჭვირვალობის კანონი.

„დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ეხება რუსეთს და რუსეთი ცნო დამრღვევად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, იმ კანონის გამო, რომელიც მოქმედებს რუსეთში და რომელზეც გვიმტკიცებდნენ, რომ ქართული კანონი არის მისი ასლი. დღეს, როცა ვუსმენთ ზოგიერთ უცხოელ დიპლომატს, რომელიც საუბრობს რაღაც უკან დახევაზე დემოკრატიის და ა.შ. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოჰყავთ გამჭვირვალობის კანონი, რომლითაც ზუსტად ამ დიპლომატს ვთხოვეთ, რომ თქვენ რასაც აფინანსებთ იქნებ საჯარო იყოს. ნაცვლად იმისა, რომ ეს ევროკავშირს საჯარო გაეხადა, საქართველოსთან ჩხუბი დაიწყო - არა, რატომ ითხოვთ ამ საჯაროობასო. და გვახსოვს მთელი ნარატივი, მართლა სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებიდან ამოწერილი პროპაგანდით ააწყვეს, რომ ეს იყო რუსული კანონი. დღეს სტრასბურგის სასამართლომ, რუსეთში მოქმედ კანონთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, თქვა 6 საკითხი, რატომაც არის რუსეთში მოქმედი კანონი პრობლემური. პირველი - ბრენდირება, მეორე - მათ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ, მესამე - პროფესიული სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება არ აქვთ, მეოთხე - ახალგაზრდული პროგრამების განხორციელების უფლება არ აქვთ, მეხუთე - სარეკლამო შემოსავლების მიღების უფლება არ აქვთ, მეექვსე არაპროპორციული სანქციები, მათ შორის სისხლის სამართლის და ორგანიზაციების გაუქმება. არცერთი ამ ექვსი კრიტერიუმიდან, ჩვენს კანონში არ არის. დღევანდელმა დღემ ხუხულასავით ჩამოანგრია ოპოზიციის, „ენჯეოების“, უცხოელი დიპლომატების თუ პოლიტიკოსების პროპაგანდა და ცრუ ნარატივი საქართველოს წინააღმდეგ, რომ თითქოს ქართულ კანონს რაიმე საერთო აქვს რუსეთში მოქმედ კანონთან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.