შალვა პაპუაშვილი: ბევრი რამე მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის. ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის

შალვა პაპუაშვილი: ბევრი რამე მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის. ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის

ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას საერთოდ არ აწარმოებს, რეგიონებში საერთოდ არ ჩანან იმიტომ, რომ მათ არ ჰყავთ ადამიანები, ავტორიტეტები, რომლებსაც მიესვლებათ მოქალაქეებთან და სათქმელი ექნებათ რამე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის კამპანია იმართება უცხოეთიდან და დღე არ გადის, რომ 2-3 განცხადება არ გაკეთდეს უცხოეთიდან, რომელიც არის პირდაპირი ჩარევა საარჩევნო საკითხებში.

„ბევრი რამე მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის. ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის. ეს არის 2020 წლის განმეორების მცდელობა. რა მიგვანიშნებს ამაზე: როცა საუბარია ესა თუ ის დარღვევა არის თუ არა, არსებობს უწყებათაშორისი კომისია, იუსტიციის სამინისტროს კოორდინირებით. არც ოპოზიცია დადის ამ კომისიაზე, არც „ენჯეოები“. თუკი რაიმე აქვთ პრეტენზიები, მივიდნენ, წარუდგინონ. კომისიაზე დადიან საერთაშორისო დამკვირვებლები, ეუთო/ოდირი ესწრება და ეს ყველაფერი აღრიცხული აქვთ მათ, რომ ისინი არ ესწრებიან. მათ რომ რეალური პრეტენზიები რაიმეზე ჰქონდეთ, მიიტანდნენ, გამოკვლეული იქნებოდა და საზოგადოება დაინახავდა. ახლა რას აკეთებენ? გამოდიან, ატარებენ ბრიფინგს, მარცხნივ-მარჯვნივ მოისვრიან ბრალდებებს. მათი დაბალი სტანდარტი არის ის, რომ მათი ბრალდებები ჭორ-მართალზეა დაფუძნებული და რაოდენობაშიც არ აქვთ ბევრი. ვუყურებთ, რომ კამპანიას საერთოდ არ აწარმოებენ. ნებისმიერს ჰკითხეთ, ვინც საარჩევნო პროცესებშია ჩართული, ოპოზიცია რეგიონებში საერთოდ არ ჩანს, არანაირი კამპანია არ აქვთ. „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელსაც დელეგატები ჰყავს დასახელებული, არცერთ სხვა პარტიას არ დაუსახელებია იმიტომ, რომ რეგიონში არ ჰყავთ ადამიანები, ავტორიტეტები, რომლებსაც მიესვლებათ მოქალაქეებთან და სათქმელი ექნებათ რამე. მათი მთელი კამპანია, ყველაზე კარგ შემთხვევაში არის ის, რომ ტელევიზიიდან ესაუბრონ ხალხს და ყველაზე ცუდი, რაც სინამდვილეში ხდება არის ის, რომ მათ კამპანიას უცხოეთიდან უწარმოებენ. ჩვენ ვაკვირდებით, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან 2-3 განცხადება არ იყოს, რომელიც არის პირდაპირი ჩარევა საარჩევნო საკითხებში. ასეთი ანომალია საქართველოში არასდროს მომხდარა. ეს არის საერთო ჯამში სამწუხარო მდგომარეობა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი მოქალაქეები დარაზმულად, მობილიზებულად მოვიდნენ 26 ოქტომბერს და მათი სიმრავლე არის ყველაზე ძლიერი იარაღი ნებისმიერი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.