შალვა პაპუაშვილი: როდესაც ჩემს კაბინეტში მეუბნებოდნენ, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა, კაბინეტის ფანჯრებს მიღმა რუსთაველზე შეკრებილი იყო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, და ითხოვდნენ ქართველების გაგზავნას პირდაპირ ომში

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ჩემს კაბინეტში მეუბნებოდნენ, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა, კაბინეტის ფანჯრებს მიღმა რუსთაველზე შეკრებილი იყო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, და ითხოვდნენ ქართველების გაგზავნას პირდაპირ ომში

ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩემს კაბინეტში მეუბნებოდნენ, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა, კაბინეტის ფანჯრებს მიღმა რუსთაველზე შეკრებილი იყო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ქვეყნებისგან [ვინც ითხოვდა რუსეთის დასანქცირებას] ფინანსდებიან სხვათა შორის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„პირველივე დღეებში, როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც უყურებს სცენას, რომ ყველაზე დიდი ომი დაიწყო ევროპაში და ეს ომი დაიწყო ქვეყანამ, რომელსაც ჩვენს ტერიტორიაზე ჰყავს საკუთარი რეგულარული არმია ჩვენი ნებართვის გარეშე, რასაც ჰქვია ოკუპაცია. არმია არის განლაგებული სტრატეგიულ ადგილას ისე, რომ მთავარ ავტობანთან 500 მეტრშია, ასეთ მდგომარეობაში ვართ და რას ველით ამ დროს ჩვენი ძლიერი პარტნიორებისგან? - თანადგომას, ბრძნულ რჩევას, რომ ზედმეტი რისკები არ ავიღოთ ჩვენს თავზე, რომ დაიწყო სერიოზული ომი და ჩვენი ხალხი არ უნდა გავწიროთ. რა ვნახეთ ამის ნაცვლად? - პირველივე დღეებში, პირველივე საუბრები დაიწყო ასე - ან აწესებთ სანქციებს, ან არ ხართ სწორ მხარესო.

ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩემს კაბინეტში მეუბნებოდნენ, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა, კაბინეტის ფანჯრებს მიღმა რუსთაველზე შეკრებილი იყო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ქვეყნებისგან [ვინც ითხოვდა რუსეთის დასანქცირებას] ფინანსდებიან სხვათა შორის და გარედან პარალელურად ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ქართველების გაგზავნას პირდაპირ ომში. ვინმემ გააგზავნა ან ამერიკამ, ან საფრანგეთმა, ან გერმანიამ თავისი თვითმფრინავებით ომში [თავისი მოქალაქეები]?! არათუ არ გააგზავნა, გააფრთხილეს მოქალაქეები, მათ შორის სამართლებრივადაც დაემუქრნენ, რომ არ წასულიყვნენ. უნდოდათ, რომ თბილისის შოთა რუსთაველის აეროპორტიდან აფრენილიყო თვითმფრინავი ქართველებით რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და ეს ამბები გასულიყო საერთაშორისო, თუ რუსულ პრესაში. ამას შემდეგ რა მოჰყვებოდა, მგონი ბავშვი არავინ არის [ვერ მიხვდეს], მითუმეტეს საქართველოში, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.