შალვა პაპუაშვილი: ყველამ იცის, რომ გაფართოების უახლოესი თარიღია 2030 წელი, არავინ იცის 2030 წელს რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა

შალვა პაპუაშვილი: ყველამ იცის, რომ გაფართოების უახლოესი თარიღია 2030 წელი, არავინ იცის 2030 წელს რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა

ყველამ იცის, რომ გაფართოების უახლოესი თარიღია 2030 წელი, არავინ იცის 2030 წელს რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა, ამ ფაციფუცის შემოტანა და აბსოლუტურად ცრუ აღქმის წარმოჩენა ხალხისთვის, რომ დღეს-ხვალ წყდება ევროკავშირის წევრობა არის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ხალხის მიმართ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ არანაირი წევრობა დღეს არ წყდება და სამწუხაროა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი ცდილობს ასე წარმოაჩინოს.

„პოლიტიკურ ლექსიკონში ხანდახან, პოლიტიკურ ტერმინებს უადგილოდ გამოიყენებენ ხოლმე. მთავარი ხომ ფაქტებია. ასეთი შეფასებები ბევრი გვსმენია. ჩვენ თუ ავტორიტარიზმისკენ მივდივართ, რა ეშველებათ დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე უკან არიან ყველა პარამეტრით, ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებებით, ეს იქნება კორუფცია, გამჭვირვალობა თუ მმართველობის შეფასება?! აბსოლუტურად ყველა ასპექტში სხვა კანდიდატ ქვეყნებს ვუსწრებთ. ასე რომ დაბალი შეფასება ჰქონიათ სხვა კანდიდატი ქვეყნების. რა თქმა უნდა, ასეთი შეფასებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, როცა საუბრობენ, რომ აი, ღია კარია და თქვენი გადასაწყვეტია, ჩემი აზრით, არ არის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ასეთი ღია კარია „ნატო“-ში 2008 წლის შემდეგ, დიდი ხანია ვაკვირდებით. არ შეიძლება ხალხის ემოციებით ასეთი თამაში. ყველამ კარგად იცის, რომ არანაირი წევრობა დღეს არ წყდება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი ცდილობს ასე წარმოაჩინოს. ყველამ იცის, რომ დღეს და ხვალის საკითხი ეს ყველაფერი არ არის. ყველამ იცის, რომ უახლოესი თარიღია 2030 წელი. არავინ იცის 2030 წელს რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა. ვხედავთ, რომ ევროკავშირში, შიგნითაც არ არის ერთიანი აზრი თუ როგორი ტიპის გაფართოება უნდა იყოს 2030 წელს. ვნახეთ ჩვენ საფრანგეთის მიერ წამოწყებული პროცესი, ევროპული გაერთიანების, იმისთვის, რომ შექმნან რაღაც „ბე“ ლიგა ქვეყნების. იყოს „ა“ ლიგა ევროკავშირის და „ბე“ ლიგა ევროკავშირის, სადაც შეიძლება ჩვენნაირი ტიპის ქვეყნები შევიდნენ. ვიცით, რომ 27 ქვეყნიდან ყველას თანხმობა არის საჭირო და არ ვიცით, რომელ ქვეყანას როდის რა პოზიცია ექნება. ახლა ესე ფაციფუცის შემოტანა ამ პროცესში და აბსოლუტურად ცრუ აღქმის წარმოჩენა ხალხისთვის, რომ დღეს-ხვალ წყდება ევროკავშირის წევრობა არის უბრალოდ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ხალხის მიმართ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.