მამუკა მდინარაძე ჰერჩისკისთან შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე: ტყუილებზეა მთელი მათი კამპანია აგებული და ეს მორიგი ტყუილია

მამუკა მდინარაძე ჰერჩისკისთან შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე: ტყუილებზეა მთელი მათი კამპანია აგებული და ეს მორიგი ტყუილია

ტყუილებზეა მთელი მათი კამპანია აგებული და ეს მორიგი ტყუილია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებას ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შესახებ.

„ერთ-ერთი ტყუილია იქიდან გამომდინარეც, რომ მათ სხვა გზა არ დარჩენიათ. რასაც უცხოელები არ ამბობენ, თვითონ იტყუებიან. უცხოელები ხომ ბევრს ამბობენ - გაცილებით ბევრს, ვიდრე შეუძლიათ თქვან, იმიტომ, რომ თითოეული განცხადება არის აგენტურული ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმა და ამავე დროს, ბუნებრივია, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების მცდელობა აგენტურული ოპოზიციის სასარგებლოდ. გარდა იმისა, რომ ისედაც უხეშად ერევიან უცხოელები ამაში, რასაც ისინი არ აკეთებენ, მერე ესენი იტყუებიან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს. ევროკავშირის საელჩომ კი ზურაბიშვილი ტყუილში ამხილა. „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ საელჩოში განაცხადეს, რომ „ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს“.