აშშ-ში ფიქრობენ, რომ ისრაელი ირანზე შესაძლო თავდასხმას სიფრთხილით ეკიდება

აშშ-ში ფიქრობენ, რომ ისრაელი ირანზე შესაძლო თავდასხმას სიფრთხილით ეკიდება

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი მიიჩნევს, რომ ისრაელი ჯერ კიდევ სიფრთხილით არჩევს ირანზე შესაძლო თავდასხმის ვარიანტებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის რისკი „ძალიან რეალურია“, მიუხედავად იმისა, რომ არც ირანს და არც ისრაელს ტოტალური კონფლიქტი არ სურთ. „ისრაელი ძალიან ფრთხილად ეკიდება იმას, თუ როგორ უპასუხოს ირანს ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის გამო“, - თქვა ბერნსმა.

მან თავი შეიკავა დაესახელებინა, თუ როგორი იქნება ისრაელის პასუხი ირანს. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, თუ როგორ აისახება მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე და ეკონომიკაზე სხვადასხვა დარტყმები“, - აღნიშნა ბერნსმა.

მან ასევე დასძინა, რომ ის ჯერ კიდევ იმედიანად არის განწყობილი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შესაძლო შეთანხმების მიღწევისა და ტყვეების გათავისუფლების მიმართ.