ნიკა გვარამია -სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

ნიკა გვარამია -სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ პროცესით, რომელიც ახლა გავიარეთ - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „კოალიციას ცვლილებისთვის“ შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ შეუთავაზებია.

„არა, არავინ არ შეგვითავაზებია [პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად]. ჩვენ ვართ ქარტიის ერთგულები, სადაც წერია, რომ ტექნიკურ და გარდამავალ მთავრობას ვეთანხმებით. ჩვენ ამას ხელი მოვაწერეთ და არავითარ შემთხვევაში არ გადავალთ ამ სიტყვას. იქვე წერია, რომ პრეზიდენტია წამყვანი ფიგურა ამ შეთავაზების დროს. მე დეტალებზე არ ვისაუბრებ. განცხადებას თავად პრეზიდენტი გააკეთებს, იმიტომ, რომ ეს მისი ინიციატივაა, თუმცა შემაჯამებლად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ პროცესით, რომელიც ახლა გავიარეთ. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოვისმინეთ მის საგარეო ვოიაჟთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ევროინტეგრაციას უკავშირდება“, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, გვარამიამ ისაუბრა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გამოუვა ფოკუსის გადატანა მთავარი საკითხებიდან მათ მიერ მოგონილ პროპაგანდისტულ საკითხებზე.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს სრულიად სამარცხვინოდ გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი ამისთვის [საგარეო ვოიაჟისთვის] დასაჯოს და იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო. „ქართულ ოცნებას“ არ გამოუვა ფოკუსის გადატანა მთავარი საკითხებიდან მათ მიერ მოგონილ პროპაგანდისტულ საკითხებზე. ეს არის გამოგონილი. „ქართული ოცნება“ მარცხდება და საქართველოს პრეზიდენტი იქნება გარანტი, რომ არჩევანი რეალურად იყოს ასახული და ფორმალიზებული საარჩევნო შედეგებში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

კარლო ეხლა აღარ არის ყ...ქალა?
1 თვის უკან