2014 წლის 15 იანვარს დაწყებული გორის ბაზრის მოვაჭრეების აქცია 16 იანვარს გაგრძელდა. ისინი დილის 10 საათზე ჯერ გუბერნიაში გუბერნატორთან შესახვედრად მივიდნენ. წინა დღეს დაითქვა, რომ მომდევნო შეხვედრა 16 იანვარს გაიმარტებოდა, თუმცა ზუსტი დრო არ იყო დასახელებული. დილით კი გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი თბილისში იყო წასული. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა, რომ წინა დღეს დათქმული შეხვედრის ზუსტი დრო არ დაასახელა. ამის გამო მოვაჭრეები საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს, გუბერნატორის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ.
,,დაველოდოთ გორის ბაზრის მეპატრონეს” – უთხრა გამგებელმა მოვაჭრეებს. ამ ლოდინის მომხრე პროფკავშირების გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა კალმახელიძეც აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, მოვაჭრეები ითხოვენ, რომ ბაზარი წმინდაწყალზე არ გადავიდეს. გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა წინა დღეს, 15 იანვარს მოვაჭრეებს მოსთხოვა, რომ კონკრეტული წინდადებები და მოთხოვნები წერილობით ჩამოეყალიბებინათ. წერილობითი მოთხოვნები მოვაჭრეებმა 16 იანვარს მიიტანეს. წერილობით მოთხოვნებს კი ბაზრის უცხოეულ მეპატრონეებთან გაივლიან.
მდგომარეობა თითქმის დამშვიდებული იყო, რომ სააქტო დარბაზში რამდენიმე ქალი შემოვიდა და კატეგორიულად მოითხოვეს საბოლოო პასუხი. ამან მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. ნაწილი ხელისუფლების წინადადებას უჯერებდა, ნაწილი კი ამ წინადადებას არ იღებდა. ერთ-ერთმა ქალბატონმა ყველას მოუწოდა, რომ რკინიგზის სადგურისკენ წასულიყვნენ.
ის სააქტო დარბაზიდან გარეთ გავიდა და ყველას მოუწოდა: ,,ხალხო არ გვისმენენ, უარს გვეუბნებიან და წავიდეთ რკინიგზა გადავკეტოთ, მერე პარლამენტი მოგვაქცევს ყურადღებას” – განაცხადა მან. თუმცა რკინიგზაზე მას არავინ გაყვა, რადგან ერთ-ერთმა მოვაჭრემ უთხრა – სად მიდიხარ, მატარებლები იშვიათად დადიანო. ამის შემდეგ გაღიზიანებულმა ხალხმა გადაწყვიტა ავტობანის გადაკეტვა. ის ქალბატონი კი, რომელიც რკინიგზის გადაკეტვას ითხოვდა, ავტობანზე აღარ გამოჩენილა.
ავტობანის გზამდე საპატრულო პოლიცია გამოჩნდა. რეგიონალური დეპარტამენტის უფროსი ლევან შავლიაშვილი მთელი გზა ტელეფონით დირექტივებს გასცემდა და სულ იმის ფიქრში იყო, როგორმე შეეჩერებინა მოვაჭრეები. შორ მანძილზე გაშლილი ასეულობით მოვაჭრე ნაწილ-ნაწილ მიდიოდა. ნაწილ-ნაწილ მათ შეჩერებას საპატრულო პოლიცია ცდილობდა. თუმცა ნაწილ-ნაწილვე კორიდორს არღვევდნენ. ლევან შავლიაშვილი კი ყოველ ნაბიჯზე გზის გადაღობვის სხვადასხვა მეთოდების შესახებ ბრძანებებს გასცემდა. ბოლოს როგორც კი მიუახლოვდნენ ავტობანს, შავლიაშვილის ბრძანებით საპატრულო პოლიციის მანქანები წინ ჩააყენეს. მოვაჭრეებმა პოლიციელებს ჯერ წინააღმდეგობა გაუწიეს, ხოლო შემდეგ გზის მარჯვენა მხარეს ფერდობზე ავიდნენ და გზა გააგრძელეს. პოლიციის კორდონმა ფერდობზე შეფენილი ხალხის შეჩერება კი ვეღარ შეძლო. ასე მიაღწიეს მოვაჭრეებმა ავტობანს.
ავტობანთან საპატრულო პოლიციის უფროსს შავლიაშვილს სამხარეო პოლიციის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (სუს) და კასპის პოლიციის ქვედანაყოფები დაეხმარნენ. ავტობანი ვერ გადაიკეტა. ორ ზოლიან გზაზე მოვაჭრეები მხოლოდ ერთ ზოლზე დააყენეს. მეორე ზოლზე კი მანქანების მოძრაობა არ შეჩერებულა. ერთ-ერთი მოვაჭრე პოლიციამ დააკავა, რადგან ის გზის გადაკეტვას ცდილობდა.
ცოტა ხანში ავტობანზე გუბერნატორიც მივიდა.
გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მისვლისთანავე იკითხა: წინა დღის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ვის აქვსო. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. მან მოვაჭრეებს უთხრა, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრები მაჟორიტარ დეპუტატს გორში ხვდებოდნენ. ამიტომ მიზანშეუწონლად ჩათვალა ავტობანზე დგომა.
,,წამობრძანდით, დაამატეთ იმ 10 კაციან საინიციატივო ჯგუფს კიდევ რამდენიმე კაცი და პროცესში ჩაერთოს. იცით, რომ ბაზრის უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესი მიმდინაორებს. პროცესი გრძელდება და ამას ხელს ნუ უშლით. ჩემი ბრალია, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ზუსტი თარიღი გუშინ არ ვთქვით. უცხოეული მეპატრონე კი შაბათს ჩამოდის. ამის გამო მოლაპარაკების შედეგები ასე უცბად ვერ დაიდებოდა” – განაცხადა ზურაბ რუსიშვილმა.
გუბერნატორს კიდევ 10 კაცი გორში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში გაჰყვა. დანარჩენები კი ავტობანთან დარჩნენ. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში გამართული შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ დალოდებოდნენ ბაზრის მეპატრონეებს. ერთ-ერთი მეპატრონე ისრაელიდან შაბათს უნდა დაბრუნდეს. შაბათამდე კი მოვაჭრეებმა ის კონკრეტული საკითხები უნდა დაადგინონ, რომლითაც ბაზრის მეპატრონესთან წარდგებიან.
,,ჩვენ ხომ უნდა ვიყოთ ჩამოყალიბებული, თუ რა კონრეტული წინადადებებით წარვდგეთ მათ წინაშე. სხვადასხვა საკითხები იჭრება” – თქვა გუბერნატორმა.
მოვაჭრეების საინიციატივო ჯგუფის წევრები დროდადრო ავტობანზე მდგარ მოვაჭრეებს ურეკავდნენ და ურჩევდნენ, რომ დაშლილიყვნენ. უხსნიდნენ, რომ საჭიროა პროცესს დალოდებოდნენ.
გუბერნატორისა და მოვაჭრეების კონსულტაციები 17 იანვარსაც გაიმართება.