მომავალ დღეებსა და კვირებში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო განიხილავს საქართველოს საკითხს, საქართველოში არსებულ მდგომარეობას, - ამის შესახებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე საპარლამენტო დებატები გაიმართება. სიტყვის წარმოსათქმელად მიწვეულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ვფიქრობ, მისი სახელით ერთ-ერთი ევროკომისარი გააკეთებს ამას. შემდეგ კვირას კი, 14 ოქტომბერს, გაიმართება ევროკავშირის საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც ასევე საქართველოს საკითხი ოფიციალურად არის დღის წესრიგში შეტანილი. 27 მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რომ განიხილოს საქართველოში არსებული სიტუაცია, შემდეგ, 17 და 18 ოქტომბერს, გვექნება ევროპული საბჭო და როგორც ვიცი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ევროკავშირის 27 ლიდერს - პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს,რომ განიხილონ საქართველოს საკითხი და ასევე ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას ოქტომბრის მეორე ნახევარში, რაც, სავარაუდოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოხდება“, - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხს 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ, არ არის კარგი ნიშანი.
„ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროპარლამენტში, საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ლიდერები, არ არის კარგი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულები არიან, ეს ნიშნავს, რომ ვღელავთ განვითარებული მოვლენების გამო. ნამდვილად გულსატკენი იყო, რომ ივნისში, ევროპულ საბჭოზე, ევროკავშირის 27-მა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა კოლექტიურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს საჭირო გახდა ძალიან შემაშფოთებელი საკანონმდებლო ინიციატივების გამო, საქართველოს ხელისუფლების ძალიან შემაშფოთებელი ინიციატივების გამო, ძალიან შემაშფოთებელი ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდის, ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გამო, რომელიც არ შეწყვეტილა. ეს არის ძალიან დრამატული გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველო-ევროკავშირის დღევანდელი ურთიერთობის რეალობაა, რომელიც ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ შეიცვლება, ვინც არ უნდა იქნას არჩეული“, - აღნიშნა ელჩმა