პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის ყველაზე უხეში დამრღვევია. არადა, პირიქით, ის კონსტიტუციის გარანტი უნდა იყოს, მაგრამ აბსოლუტურად გასულია კონსტიტუციური სივრციდან, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კონსტიტუციის დარღვევა იქნება მიუღებელი.
„მისმა ქმედებებმა უკვე რეციდივის ხასიათი მიიღო. ეს უკვე ეხება არა მხოლოდ ერთ პიროვნებას, რომელიც კონსტიტუციაზე მოძალადე და დამრღვევია, არამედ ამას სისტემური შეფასება სჭირდება, რათა მომავალში ყველამ იცოდეს, რომ კონსტიტუციის დარღვევა იქნება მიუღებელი. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება იმიტომ კეთდება, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი ნამდვილად არსებობდეს და, პოლიტიკური თანამდებობის მიუხედავად, ყველა კონსტიტუციური ჩარჩოებით მოქმედებდეს. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილს იმდენი პასუხისმგებლობა არ აქვს საქართველოსთან და მის ინტერესებთან მიმართებით, მომსახურების თვალსაზრისით, გაცილებით მეტი ვალდებულება გამოავლინა გარე შეკვეთებთან. კონსტიტუციაზე მაღლა გარედან შეთავაზებულ კონსტიტუციურ პროექტს როცა აყენებს, ის ემართებათ, რაც სალომე ზურაბიშვილს დაემართა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.