ისრაელი ირანის მიერ სარაკეტო თავდასხმის პასუხად ირანის ისლამური რესპუბლიკის ნავთობის ობიექტების დაბომბვას აპირებს. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აგრეთვე განიხილავს ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განადგურებისა და ცალკეული ადამიანების მიზანმიმართული მკვლელობის შესაძლებლობებს.
ისრაელის პასუხი შესაძლოა გამანადგურებლების გამოყენებით ავიადარტყმებს და „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს 31 ივლისს თეირანში მკვლელობის მსგავს საიდუმლო ოპერაციებს მოიცავდეს. ისრაელის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან კონსულტაციების გავლას გეგმავს.
გუშინ საღამოს ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიების მიმართულებით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 200-დან 500-მდე მერყეობდა. უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმას დიდ შეცდომას უწოდებს. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თეირანი ამისთვის საფასურს გადაიხდის.