მოწვევა გაკეთდა იმისათვის, რომ შემდეგ გაუქმებულიყო და ეს სალაპარაკო თემა გამხდარიყო ოპოზიციისთვის, - განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა აშშ-ის პრეზიდენტი მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევის და შემდეგ მიწვევის გაუქმების ფაქტის შეფასებისას.
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვხედავთ, რომ ოპოზიცია, რომელსაც საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს და რომელიც განწირულია დამარცხებისთვის, დღეს საზრდოობს ერთადერთი რამით, რომ მთელი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი ააგოს უსამართლობაზე, ქვეყანასა და ხელისუფლებასთან მიმართებაში უსაფუძვლო განცხადებებზე. ეს ყველაფერი ემსახურება იმ მიზანს, რომ ამაზე დღის წესრიგი შექმნან და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა: „3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია“.