შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს ერთადერთი ტრაექტორია - ეს არის ქვეყნის მშვიდობის და კეთილდღეობის ტრაექტორია, თუ ვინმეს ეს ტრაექტორია არ მოსწონს, უნდა გვითხრან!

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს ერთადერთი ტრაექტორია - ეს არის ქვეყნის მშვიდობის და კეთილდღეობის ტრაექტორია, თუ ვინმეს ეს ტრაექტორია არ მოსწონს, უნდა გვითხრან!

ჩვენ გვაქვს ერთადერთი ტრაექტორია - ეს არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და კეთილდღეობის ტრაექტორია, თუ ვინმეს არ მოსწონს ეს ტრაექტორია, ეს უნდა გვითხრან! - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა საქართველოს ხელისუფლების ტრაექტორიის შესახებ კრიტიკას, მათ შორის ენტონი ბლინკენის მრჩევლის ტომ სალივანის განცხადებას.

„ზოგიერთი ჩვენი უცხოელი მეგობრის რჩევა 2022 წელს იყო, რომ წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან. დადასტურდა, რომ ეს გზა მიგვიყვანდა ესკალაციამდე, ეკონომიკურ კატასტროფამდე და ომამდე. მათი რჩევები, მათი რჩევებია, ჩვენი ტრაექტორია არის მშვიდობის ტრაექტორია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას ესკალაციაში შესვლას ურჩევ იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც მისი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

„როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, ეს არის ესკალაცია მეორე ქვეყანასთან - როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს ეუბნება, რომ ესკალაციაზე მიდის. როდესაც მოგვიწოდებენ ესკალაციისკენ სანქციებით, მებრძოლების გაგზავნით, იარაღის მიწოდებით, ცის ჩაკეტვით, ეს, რა თქმა უნდა, ესკალაციის სპირალში შეგვიყვანდა. ესკალაციის სპირალში კი ამის მართვის შესაძლებლობა არავის აქვს. საქმეც ისაა, რომ წარსულმა გვასწავლა, რომ ამ ესკალაციის ბოლოს გარანტირებულად იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი. დათვლილია და 18%-იანი ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა, თუ სანქციებს მივუერთდებოდით რუსეთის წინააღმდეგ; დიდი ალბათობით იქნებოდა ასევე პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. ამაზე ჩვენ დახურული კარს მიღმაც ვეუბნებოდით ყველას, რომ ქვეყანას, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და სადაც მთავარი მაგისტრალიდან 500 მეტრში რუსეთის რეგულარული არმიაა განთავსებული, მოსთხოვო, ესკალაციაზე წავიდეს, ეს უპასუხისმგებლობაა. ამიტომ ვიმოქმედეთ არა სხვების რჩევით და ინტერესებით, არამედ ქართველი ხალხის ინტერესებით. დავუჯერეთ ქართველ ხალხს და არ დავუჯერეთ სხვას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.