პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყირიმის გაეროსთვის გადაცემის იდეით გამოდის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყირიმის გაეროსთვის გადაცემის იდეით გამოდის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გამოთქვა აზრი, რომ ყირიმი გაეროს საზედამხედველოდ გადაეცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი აზრით, ნახევარკუნძულს სიმბოლური დატვირთვაა აქვს რუსეთისთვის და სტრატეგიული უკრაინისთვის. „მე ვერ ვხედავ, თუ როგორ მორიგდებიან ისინი [უკრაინა და რუსეთი] ყირიმის დემილიტარიზაციის გარეშე“, - თქვა სიკორსკიმ.

ის თვლის, რომ გამოსავლის მოძებნა შესაძლებელია, თუ ორივე მხარე ამას მოისურვებს. „ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ ის გაეროს მისიას, რათა მომავალში იქ მაცხოვრებელი ადამიანების შემოწმების შემდეგ მომზადდეს სამართლიანი რეფერენდუმი. ჩვენ შეგვიძლია გადავდოთ ეს 20 წლით“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე დიდი შეცდომა უწოდა დასავლეთის, მათ შორის ამერიკელების მოწოდებას უკრაინელებისადმი 21014 წელს, რომ მათ ყირიმისთვის არ ეომათ. სიკორსკის აზრით, უკრაინელებს ყირიმისთვის თუნდაც სიმბოლურად რომ ეომათ, რუსეთს, შესაძლოა, დონბასში შესვლა არ გაებედა.