არჩილ გორდულაძის განცხადებით, ტრანსნაციონალური დანაშაულის შედეგად მოპოვებულ შავ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ, დავით კეზერაშვილის თანხები ქართულ პოლიტიკაში იყო გამოყენებული.
„იმ ძალებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული გავლენა სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებზეც კი, სურთ, რომ კეზერაშვილის თანხები გამოყენებული იყოს ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის ამით დავით კეზერაშვილმა ერთგვარად „იყიდოს“ კიდეც მოგზაურობის ბილეთები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ძალიან სამწუხაროა. არცერთ თანხას უცხოეთიდან და განსაკუთრებით შავ ფულს, რომელიც არის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და ქართველი ჯარისკაცების ძარცვის შედეგად მოპოვებული, ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება“, - აცხადებს გორდულაძე.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება დავით კეზერაშვილის უახლოეს გარემოცვასთან მივიდა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა თაღლითური ქოლ-ცენტრების არაოფიციალურ მეწილეებსა და ფაქტობრივ მფლობელებზე: დავით თოდუასა და ელდარ ბინიაშვილზე. თოდუა BBC-ს სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებაშიც ფიგურირებდა, როგორც კიევის ერთ-ერთი უდიდესი ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელი და კეზერაშვილის პარტნიორი, ბინიაშვილი კი კეზერაშვილის ნათესავია.