ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში 2025 წელსაც არ დასრულდება.
კითხვაზე, თუ რა ვადებშია შესაძლებელი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულება, ბრეკელმანსმა თქვა, რომ არ ფიქრობს, რომ ომი წელს, ან მომავალ წელს დასრულდება. მისივე შეფასებით, ვითარება ბრძოლის ველზე „ძალიან რთულია“.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. აგრეთვე არ უნდა შევქმნათ ძალიან დიდი მოლოდინები, რადგან ადამიანები ფიქრობენ, რომ თავიდან რუსული შეჭრა იყო სპრინტი, რომელიც მარათონად იქცა, ხოლო სინამდვილეში ის 42-კილომეტრიანი სპრინტია“, - თქვა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.
როგორც ბრეკელმანსმა აღნიშნა, დასავლური ქვეყნები უკრაინას მომავალშიც უნდა დაეხმარონ, თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ყველაფერი დროში გაიწელება და ევროპელები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.
ბრეკელმანსის განცხადებით, რუსეთი არის „უსათუოდ ძლიერი“, რომელსაც მაღალი ინტენსივობის ომის წარმოება ძალიან დიდი ხანი შეუძლია.