აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა აღიარა, რომ „რესპუბლიკური“ პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის კუთვნილი გოლფ კლუბის ტერიტორია, სადაც მასზე თავდასხმა მზადდებოდა, წინასწარ არ შეუმოწმებია. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
„საიდუმლო სამსახურს კვირას ფლორიდის შტატის ქალაქ უესტ-პალმ-ბიჩში მდებარე გოლფ კლუბი Trump International-ი ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მისვლამდე არ შეუმოწმებია. ეს არის აღიარება, რომელმაც ისედაც დიდი წნეხის ქვეშ მყოფი უწყება კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოაჩინა“, - ნათქვამია სტატიაში.
საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის რონალდ როუს თქმით, ტრამპს 15 სექტემბერს გოლფ კლუბი არ უნდა მოენახულებინა. „როუმ განაცხადა, რომ „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატის ოფიციალურ განრიგში გოლფის სათამაშო მოედნის მონახულება არ ეწერა“, - აღნიშნავს გამოცემა.
გაზეთი გამოძიების ფედერალურ ბიუროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ტრამპზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილმა მამაკაცმა, 58 წლის რაიან უესლი რუთმა დაუბრკოლებლად შეაღწია გოლფ კლუბის ტერიტორიაზე და 12 საათის განმავლობაში იქ იმყოფებოდა.