უკრაინის მხარემ მონღოლეთს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ გაცემული დაკავების ორდერის უგულებელყოფის გამო დემარში გამოუცხადა. ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„მონღოლურ მხარეს გადაეცა უკრაინის ღრმა იმედგაცრუება იმის გამო, რომ მონღოლეთმა, რომელსაც რომის სტატუტზე ხელი აქვს მოწერილი, უარი თქვა აღასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული პუტინის დაკავების ორდერი“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, მონღოლეთის ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური კიევი ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პოლიტიკის დროს გაითვალისწინებს. კიევი იმედოვნებს, რომ მონღოლური მხარე ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც აღადგენს კონსტრუქციულ, ტრადიციულ, მეგობრულ უკრაინულ-მონღოლურ ურთიერთობებს.
პუტინი მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით 2 სექტემბერს ჩავიდა, სადაც მაღალი დონის მოლაპარაკებები გამართა. მონღოლეთმა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია, მის დაკავებაზე უარი განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ბავშვების დეპორტაციაში. მექსიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს.