მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული თვითმფრინავმშენებელი კომპანიის Boeing-ის თანამშრომლები გაიფიცნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თანამშრომლებმა გაფიცვა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც რამდენიმე კვირის წინ, აგვისტოში კომპანიის ახალ გენერალურ დირექტორად კელი ორტბერგი დაინიშნა. კომპანიამ ის Boeing-ის მიმართ ნდობის აღსადგენად დანიშნა. იანვარში Boeing 737 MAX ტიპის ერთ-ერთ თვითმფრინავს ფრენის დროს კარების პანელი მოსწყდა.
აღსანიშნავია, რომ გაფიცვას მემანქანეებისა და აეროკოსმოსურ სფეროში მომუშავე მუშების საერთაშორისო ასოციაციის 96% დაუჭირა მხარი, ხოლო 94,6% Boeing-თან ახალი შეთანხმების წინააღმდეგ მისცა ხმა.
როგორც სააგენტო იუწყება, შეთანხმება, რომლის წინააღმდეგაც Boeing-ის თანამშრომლები წავიდნენ, გულისხმობს კომპანიაში დასაქმებულების ხელფასის 25% ზრდას და ბონუსს 3 ათასი დოლარის ოდენობით ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში. გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად, Boeing-ი სიეტლში ახალი ქარხნის მშენებლობის ვალდებულებას იღებს.
მიუხედავად იმისა, რომ მემანქანეების და აეროკოსმოსურ სფეროში მომუშავე მუშების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელობამ საკუთარ წევრებს მიმართა, რათა მათ მიეღოთ ეს შემოთავაზება, დასაქმებულებმა ის უარყვეს, რადგან ხელფასების 40% მატებას ითხოვენ.