ავსტრალიის მთავრობა აპირებს, რომ ბავშვებს და მოზარდებს სოცქსელებით სარგებლობა აუკრძალოს

ავსტრალიის მთავრობა აპირებს, რომ ბავშვებს და მოზარდებს სოცქსელებით სარგებლობა აუკრძალოს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მთავრობა გეგმავს კანონის მიღებას, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ასაკობრივ შეზღუდვას დააწესებს.

ალბანეზეს თქმით, შეზღუდვას 14 ან 16 წლამდე მოზარდები დაექვემდებარებიან.

„მინდა, რომ ბავშვები მოსწყდნენ ამ მოწყობილობებს, გავიდნენ საფეხბურთო მოედნებზე, აუზებზე და ჩოგბურთის კორტებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მან განმარტა, რომ სოციალურ ქსელებს ზიანი მოაქვთ, ბავშვებს კი რეალურ ადამიანებთან ურთიერთობის რეალური გამოცდილება სჭირდებათ.

პრემიერმა განცხადება პარლამენტში მიმდინარე გამოძიების ფონზე გააკეთა, რომლის მიზანიც საზოგადოებაზე სოციალური ქსელების გავლენის შესწავლაა. თუმცა, პრემიერის ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ აკრძალვამ შეიძლება მოზარდებს ნაკლებად ხარისხიან ონლაინ-პლატფორმებზე გადასვლისკენ უბიძგოს.

არსებული ინფორმაციით, ავსტრალიის მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე ონლაინ-აქტიურია მსოფლიოში. სოციალური ქსელებით 26 მილიონი ავსტრალიელიდან 21 მილიონი სარგებლობს. 12-17 წლის მოზარდების 75% კი YouTube-ისა და Instagram-ის მომხმარებელია.