ამერიკული გაზეთის The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა უკრაინაში აჩვენებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრეთა რიცხვი შარშანდელი წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ მატულობს, თუმცა უკრაინელების უმეტესობა ჯერ კიდევ საუბრობს იმაზე, რომ ომის გაგრძელება და რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სურს.
ქვეყნის მოსახლეობის ერთადერთი ჯგუფი, რომელიც რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევაზე უარს აცხადებს, სამხედროებია.
„ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ვეტერანებისა და მოქმედი სამხედროების მხოლოდ 18% თვლის, რომ უკრაინა მოლაპარაკებების გზით ომის დასრულებაზე უნდა ფიქრობდეს, რაც გამოკითხვაში მონაწილე ყველა დემოგრაფიულ ჯგუფს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ვეტერანებისა და ჯარისკაცების 15% განაცხადა, რომ შეიარაღებულ პროტესტს შეუერთდებოდა, თუ კიევი ისეთ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან“, - წერს გამოცემა.
მესამე მოიერიშე ბრიგადის მეთაურის ანდრეი ბილეცკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულ საზოგადოებაში ომისგან დაღლილობა იზრდება, „არანაირი სამხედრო კატასტროფა არ მომხდარა“.
„უკრაინას, ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. ომის დასრულებაში მე დიდ საფრთხეს ვხედავ“, - თქვა მან.
ზოგი სამხედრო დარწმუნებულია, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პაუზით ისარგებლებს, გადაახალისებს საკუთარ არმიას და შემდეგ კვლავ შეიჭრება უკრაინაში.
სამხედროების მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ თუ უკრაინა რუსეთს საკუთარ ტერიტორიებს უბრალოდ გადასცემს, აღმოჩნდება, რომ მათი მეგობრები ტყუილად დაიღუპნენ.