აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ 5 ნოემბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას „დემოკრატების“ კანდიდატს კამალა ჰარისს მისცემს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენი ერის 248-წლიან ისტორიაში არასდროს არ ყოფილა ისეთი ადამიანი, რომელიც დონალდ ტრამპზე უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. როგორც მოქალაქეებმა, თითოეულმა ჩვენგანმა ქვეყანა პარტიულობაზე მაღლა უნდა დავაყენოთ, რათა ჩვენი კონსტიტუცია დავიცვათ. ამიტომაც მე ვაპირებ, რომ ჩემი ხმა ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს მივცე“, - ციტირებს სააგენტო ჩეინის.
ჩეინი ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის დროს 2001-2009 წლებში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. მას უამრავი კრიტიკოსი ჰყავს. ითვლება, რომ ჩეინი პირადად იყო ჩართული ერაყისა და ავღანეთის სამხედრო კამპანიების დაგეგმვაში, რამაც სამოქალაქო მოსახლეობაში უამრავი მსხვერპლი და ადამიანი უფლებების დარღვევა გამოიწვია.