ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი (პირველი ნაწილი)

ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი (პირველი ნაწილი)

საქართველო, როგორც მის მძიმე ბედისწერას მრავალჯერ განუსაზღვრავს, ამჟამადაც, 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში დგას ისტორიული მნიშვნელობის გზაჯვარედინზე, ერისა და ქვეყნისათვის იმ უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე გადაწყვეტილების მიღების წინაშე, რომლის საფუძველზეც ქართველ ხალხი ან სტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტურული განვითარების გზას დაადგება ან აღმოჩნდება ისეთი კატაკლიზმების პირისპირ, რაც უდიდეს საშიშროებას შეუქმნის მის მომავალს.

ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს ის, რაც მის სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და სულიერ მოთხოვნილებას წარმოადგენს, რის გამოც თავს უკეთ იგრძნობს, რაც მას შინაგან კმაყოფილებას მოუტანს და იმ განწყობას შესძენს, რომ ღირსეულად არის წარმდგარი თავისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე და არა იმ იდეებს ემსახუროს, რაც მისთვის სრულიად უცხოა, გარედან ბრჭყვიალა, თითქოს მიმზიდველი, მომხიბვლელ მანტიაში შეფუთული, ლამაზი სიტყვებით მორთული, მაგრამ მისი ეთნოფსიქიკისთვის მიუღებელი, სულიერი ფორიაქისა და ამღვრეულობის მომტანი, საკუთარი მეობისა და ცხოვრების აზრის დამკარგავი და საერთო ჯამში, ფიზიკურ-სულიერი გადაშენების საფრთხის მომცველი.

განა ყოველივე ზემოთქმულის გაცნობიერება ძნელია? უცხოური ფულით გავრცელებულ მტრულ იდეოლოგიას, რა ფულითაც რამდენიმე ასეული გრანტიჭამია სამშობლოს გაყიდვის ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრობს, თავი რატომ უნდა მოატყუებინოს ქართველმა ხალხმა? გასაგებია, რომ ეს იდეოლოგიური სიცრუე სიკეთის ნიღბით არის თავს მოხვეული და მძლავრი პროპაგანდისტული, გონების გამომრეცხავი მანქანებით მოქმედებს, მაგრამ შეუძლებელია რომ ის გენეტიკური ქართული კოდი, რომელიც საუკუნეების მანძილზე საკუთარი თვითმყოფადობის გადარჩენისათვის ბრძოლაში ჩამოყალიბდა და აქამდე მოგვიყვანა, ეროვნული სხეულის გამხრწნელმა და მომაკვდინებელმა იდეოლოგიებმა დაძლიოს და სიკვდილის გზას გაუყენოს.

ყოველივე უცხოურის მიმართ გაუაზრებელი თაყვანისცემის მავნებლობის შესახებ ქართველმა კაცმა მხატვრულად თქვა: ”თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო”, ეს ანდაზა იმის გასაცნობიერებლად მოვიყვანე, რომ თუ ჩავუკვირდებით საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას, ჩვენი წინაპრები სწორედ მაშინ აღწევდნენ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში წარმატებებს, როცა მისთვის საჭირო გადაწყეტილებებს დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ თავად იღებდნენ და არა გარეშე თუ შინაური ძალის მომხიბვლელად წარმოჩენილი რჩევებისა თუ მაცდური წინადადების საფუძველზე. ამიტომ ჩვენც, სანამ გზაჯვარედინს გარკვეული მიმართულებით გადავაბიჯებთ, დიდი ძალისხმევით მთელი გონების მოკრებვა, მოვლენების ღრმა ანალიზი, კარგ მოჭადრაკესავით წინასწარ ყველანაირი კომბინაციის გათვლა გვჭირდება, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მეტ-ნაკლებად სწორი გადაწყვეტილების მიღება. ბოლო-ბოლო, ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის თემაზეა საუბარი, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებების მქონე მხარეების მიერ საყოველთაო საჯარო მსჯელობის შემდგომ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით უნდა წყდებოდეს.

ის პლებისციტი, რაც 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევენების პარალელურად ჩატარდა, ეხებოდა საქართველოს ნატოში შესვლის საკითხს, სადაც თავდაპირველი მონაცემებით ნატოში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 60% -მდე იყო, ხოლო შემდგომ ნაცრეჟიმის გაყალბების ცნობილი მეთოდიკით ის 77%-მდე აიყვანეს. ისმება ლოგიკური კითხვა - თუ საზოგადოების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ყოველგვარი არჩევენები მასობრივად ყალბდებოდა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები 2008 წლის იანვარში რუსთაველზე მოქმედი სამხატვრო გალერეის კედლებზე ფალსიფიცირებული საარჩევნო ოქმების სახით იყო გამოკრული, ხოლო გაყალბებული პირადობის მოწმობები ამას წინათ გამოძიების მიერ საჯაროდ იქნა ნაჩვენები, მაშინ რატომ არ შეგვაქვს ეჭვი ხსენებული პლებისციტის შედეგების სისწორეში და მისი გაუქმების შესახებ რატომ არ ვსაუბრობთ?

მაგრამ მივუბრუნდეთ წერილის მთავარ თემას. ამჟამად დღის წესრიგში დგას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ეს არის ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომელიც მრავალი წლის მანძილზე განსაზღვრავს მის სამომავლო პერსპექტივას. ასეთი საკითხი რატომ უნდა წყდებოდეს სამთავრობო ან საპარლამენტო დონეზე ადამიანების ვიწრო წრის მიერ? თანაც, ხომ უდავოა, რომ არსებული პარლამენტის არჩევისას ხალხის ბრძოლის მთავარი მოტივი იყო ნაცების სადისტური რეჟიმის მოშორება, რასაც ხელმძღვანელობდა საზოგადოებაში უდიდესი ავტორიტეტის მქონე ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ის, რომ მან თავის პოლიტიკურ კოალიციაში უპირატესად პროდასავლური ლიბერალისტური პარტიები შემოიკრიბა, მაშინ ეს საკითხი მეორეხარისხოვნად და უფრო მეტიც, პოლიტიკურად რაციონალურადაც იქნა მიჩნეული, რადგან ამით სახელისუფლო ნაცმოძრაობის მიმართ ამერიკის პოლიტელიტის მხარდაჭერის განეიტრალება დაიგეგმა, რაც რეალურად განხორციელდა კიდეც.

ამჟამად კი, როცა ნაცრეჟიმის ჩამნაცვლებელ ხელისუფლებას დეკლარირებული აქვს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რატომ უნდა ხდებოდეს ხალხის როლის ნიველირება სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? თუ დასავლური დემოკრატია ჩვენი განვითარების ნიშანსვეტად მიგვაჩნია, მაშინ იქ დამკვიდრებული წესებით უნდა იმართებოდეს ქვეყანა. ხოლო დასავლეთში, მაგალითად, ევროზონაში შესვლაზე რეფერენდუმის გზით უარი განაცხადა დანიამ და დიდმა ბრიტანეთმა. ხოლო საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც რუსეთის ფაქტორით არის გათვალისწინებული, ნატოში არ შევიდნენ ფინეთი და შვედეთი. განა ამის გამო ამ სახელმწიფოებზე ვინმე იტყვის, რომ ისინი ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყნები არ არიან? ჩემი აზრით, პირიქით, სწორედ ისინი არიან გამორჩეულად ევროპული დემოკრატიის პრინციპების დამცველნი, რადგან ქვეყნის ბედის განსაზღვრაში უმთავრესი სწორედ ხალხის ნებაა.

სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან რაც არ უნდა ავტორიტეტით და ძალაუფლების სიდიდით სარგებლობდეს ესა თუ ის პიროვნება თუ საზოგადოებრივი ან სახელმწიფო სტატუსის მატარებელი სტრუქტურა, უზენაესი უფლებამოსილების მქონე მაინც ხალხია და მის ნებაზე მაღალი ნება არავის არ უნდა გააჩნდეს. ეს უდავო დებულება განმტკიცებულია საქართვეელოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით: ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. როგორც ვხედავთ, კანონმდებელს ხალხის ნების მთავარ გამომხატველად სწორედ რეფერენდუმი მიაჩნია.

აქედან გამომდინარე, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაადგება ქვეყანა, ევრაზიული კავშირისა, თუ, საერთოდ, ნეიტრალიტეტის პოზიციას აირჩევს, ასეთი საკვანძო საკითხები ხანგრძლივი დებატების შემდეგ მოქალაქეთა ნების გარკვევის გარეშე არ უნდა წყდებოდეს.

სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური მოთხოვნების უგუვებელყოფით და ხალხის ნების უკითხავად წყვეტს ასეთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ საკითხებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. ეს არის უპატიებელი შეცდომა საკუთარი ქვეყნის მომავლის წინაშე. ამასთან ერთად, აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე უკანასკნელი ინსტანციის უფლების უზურპაციით ”ოცნების” ხელისუფლება თავის წინამორბედ ნაცრეჟიმს ტყუპისცალივით ემსგავსება.

ახლა ის განვსაჯოთ, თუ რატომ გვჭირდება საჯარო და ხანგრძლივი დებატები საქართველოს ევროკავშირში ასოცირებასა, ევრაზიულ კავშირში შესვლასა, თუ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. აღნიშნულ დებატებში უპირველესად უნდა გაირკვეს რას წამოადგენენ თავად ეს ზესახელმწიფო ორგანიზაციები და ამის შემდგომ ნათელი უნდა გახდეს, რა სიკეთისა თუ ზიანის მომტანია თითოეულ მათგანში ჩვენი სახელმწიფოს ინტეგრირება. ამ თემის სრულყოფილი და ამომწურავი ანალიზისათვის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების, ეკონომისტების, ისტორიკოსების, სოციოლოგებისა და სხვა დარგის პროფესიონალი სპეციალისტების კვლევები, მსჯელობები, დებატებია საჭირო, რომ ჩამოყალიბდეს საბოლოო საზოგადოებრივი აზრი, რათა დემოკრატიული წესით და არა ავტოკრატული მეთოდებით მოხდეს ამ უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მიღება.

როგორც ხელისუფლება გვამცნობს, 2014 წლის სექტემბერში მოხდება ევროკავშირის მიერ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. მანამდე თითქმის ერთი წელიწადია და იმედია, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს საკითხი ქართულ საზოგადოებაში უფრო და უფრო გააქტიურდება. მე კი ვეცდები ჩემი მცირე წვლილი შევიტანო აღნიშნული თემის გაშუქებაში.

სხვადასხვა ერებისა და სახელმწიფოების ინტეგრაცია კაცობრიობის ისტორიაში უძველესი მოვლენაა და ამაში არაფერია საკვირველი. ყველა მოძლიერებული სახელმწიფო იბრძოდა მეზობელი სახელმწიფოების ანექსირებისათვის მისი რესურსების ხელში ჩაგდებისა და ძარცვის მიზნით. ჯერ კიდევ ჩვენს წ. აღ. მდე იმდროინდელი მსოფლიოს უმრავლეს ტერიტორიებს გადასწვდა ალ. მაკედონელი, რომელმაც ლამის პირველი გლობალური მთავრობა შექმნა დედაქალაქით ბაბილონით, რომელიც პირველი მსოფლიო იმპერიული გაერთიანება იყო, რადგან მასში აფრიკის ჩრდილო ნაწილიც შედიოდა ეგვიპტისა და ლიბიის სახით, ხოლო იმ პერიოდში ცნობილი ცივილიზაციები მხოლოდ სამ კონტინენტზე ევროპა-აზია-აფრიკაში იყო გადაჭიმული. მეორე, ასევე ევროპული წარმოშობის დიდი იმპერიული ინტეგრაცია იყო რომის იმპერია, რომელმაც ასევე მთელი ევროპა-აზია-აფრიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა.

აზიური წარმოშობის გლობალისტური პროექტები იყო არაბეთის სახალიფო, რომელიც თითქმის მთელი აზიის გარდა ევროპაში ესპანეთს ფლობდა, მონღოლეთის ოქროს ურდო და თურქეთის ოსმალური იმპერია, რომელმაც ერთი პერიოდი ევროპის ცენტრამდე, ვენამდეც კი მიაღწია. ამას მოჰყვა დიდი ბრიტანეთის საზღვაო კოლონიური იმპერია და საბჭოთა კავშირის რუსული ნიშნით დაღდასმული კომუნისტური იმპერია, რომლის საზღვრები ვლადივასტოკოდან ასევე ევროპის შუაგულამდე, ბერლინამდე იყო გადაჭიმული. მის საპირისპიროდ კი დადგა ეკონომიკური ბერკეტებით, დოლარის ექსპანსიონისტური პოლიტიკით გამყარებული ამერიკის შეეთებული შტატების იმპერია ბრეტონ-ვუდსის 1944 წლის კონფერენციის საფუძველზე, რომლის ინსტრუმენეტებია რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF).

ამ წერილის ამოცანა არ არის მსოფლიოს რეალურ მმართველთა: ტრანსნაციონალური კომპანიებისა და მსოფლიოს საბანკო კარტელების კულისებს მიღმა მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების: ”სამასთა კავშირის”, ”ბილდერბეგის კლუბის”, ”სამმხრივი კომისიის”, ”საერთაშორისო ურთიერთობების” თუ სხვა მასონური გაერთიანებების შესახებ მსჯელობა, რომლებიც დიდწილად მართავენ და განაპირობებენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მიზნად ისახავენ გლობალური მსოფლიო მთავრობის შექმნას. მათ შესახებ დაინტერესებულ პიროვნებას ინტერნეტში უამრავი არგუმენტირებული მასალის მოძებნა შეუძლია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ლიბერალისტურ კოსმოპოლიტურ იდეოლოგიას ეფუძნება ევროპის მოქმედი პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება ევროკავშირი, რომელიც ზესახელმწიფოებრივ სტრუქტურად იქცა ერთიანი ვალუტითა და ერთიანი საზღვრებით. "შერეული მასონობის" გაერთიანებამ ჯერ კიდევ 1927 წელს განაცხადა:
"აუცილებელია, ყველგან და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში სიტყვით, კალმითა და საქმით მსოფლიოს შთავბეროთ სამშვიდობო სულისკვეთება, რაც ხელსაყრელ გარემოს შექმნის ევროპის შეერთებული შტატების შექმნისათვის, რომელიც, თავის მხრივ, პირველი გადადგმული ნაბიჯი იქნება მსოფლიოს შეერთებული შტატებისაკენ."

ომებითა და ეკონომიკური კრიზისებით გაწამებული კაცობრიობისათვის თითქოსდა მისაღები უნდა იყოს ჰარმონიული მსოფლიოს ჩამოყალიბება, რომელიც თანასწორობის საფუძველზე სხვადასხვა ერთა მშვიდობიან ინტეგრაციასა და თანაარსებობაზე იქნება დაფუძნებული, მაგრამ როდესაც ისმენ ამ ინტეგრირებული დასავლური სამყაროს უმაღლეს წარმომადგენელთა შეხედულებებს კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი ფასეულობების განადგურების მიზნების შესახებ, რა გასაკვირია, რომ ამგვარი ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ განეწყოს ეროვნული ფენომენის შენარჩუნებისა და ეროვნული კულტურის დამფასებელი ადამიანი.

 გვაქვს თუ არა ამგვარი მსჯელობის მიზეზი, ამის გასარკვევად გადავხედოთ ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის მოსაზრებებს: ”ისეთი მცნებები, როგორიც არის ერი და სამშობლო უნდა გადავყაროთ ისტორიის სანაგვეზე. ყოველ ჯერზე, როცა ევროპა იზრდება, ჩვენ ვეუბნებით ახალ მოქალაქეებს: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში! აშკარაა რომ მუდმივი გაფართოებით მიმდინარეობს პოლიტიკური და გეოგრაფიული იდენტურობის აღრევა. ამგვარად, ძველმოდური სამშობლოს ადგილას თავისი თვითმყოფადი წყობით, ევროპა ყველასთვის იქცევა უნივერსალურ სახლად. სხვა ყველაფერი პოპულიზმია, რისხვისა და გულისწყრომის წყარო, იდენტურობის აღდგენის იმედი, რომ კარების მოხურვის შემდგომ შესაძლებელია დროს უკან დაბრუნება, არის ილუზია, სიცრუეა, რომ გლობალიზაციის პერიოდში შეიძლება გადარჩენა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე”.

ამავე დროს, რომპეი მოუწოდებს, რომ არ შეიზღუდოს იმიგრაცია სხვა კონტინენტებიდან ევროპაში, რადგან იყო დრო, როცა ევროპიდან ასევე შიმშილს გაურბოდნენ სხვა კონტინენტებზე გადასვლით და ჩვენ ამით უნდა ვამაყობდეთო.

როგორც ჩანს, ჩვენი გლობალისტი სააკაშვილი სწორედ ამ მითითებებს ასრულებდა, როცა უვიზო რეჟიმის შემოღებით აზია-აფრიკის კონტინენტებიდან საქართველოს ამ მშიერი გადამთიელებით ავსებდა და მოქალაქეობას ჩინ-მედლებივით ურიგებდა. სამწუხაროდ, ანალოგიური პოლიტიკა დღესაც გრძელდება, რადგან ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში იგივე იდეოლოგიის ადამიანები დომინირებენ.

ამას ემატება ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების არნახული მაშტაბებით უცხოელებზე გაყიდვის პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ამჟამად 30 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი ჩვენი ერისათვის ეთნოკულტურულად სრულიად უცხო ჩამოსახლებულთა: ინდოელების, ჩინელების, ირანელების, სამხრეთ აფრიკელთა და სხვათა ხელში აღმოჩნდა, თან ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს პროცესი ხშირად ადგილობრივი ქართული მოსახლეობის შევიწროებისა და მათი ეკონომიკური ინტერესების შელახვის ხარჯზე ხდება.

მიწების ამგვარ გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადებამ თითქოს იმედი გააჩინა, რომ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის უმთავრეს ინსტრუმენტს, ერის საარსებო სივრცეს დაკარგვის საფრთხე აღარ შეექმნებოდა, მაგრამ მალე ეს იმედიც გაქარწყლდა, რადგან ნეოლიბერალისტური ახალი ხელისუფლება კვლავ აპირებს მიწების უცხოლებზე გასხვისების ნებართვის გაცემას, თუნდაც მრავალ ათეულ წლიანი იჯარით, რაც მიწების გაყიდვის ანალოგიურია, რადგან ასეთი მოიჯარეები, როგორც საქართველოში უძრავი ქონების მფლობელები, კანონის საფუძველზე გამარტივებული წესით იღებენ საქართველოს მოქალაქეობას, რაც ფაქტობრივად აღნიშნული მიწების მათ საკუთრებაში სამუდამო გადაცემას ნიშნავს.

ალბათ, ზეცაში ბორგავენ ბახტრიონის ომის გმირების: ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების წმინდა სულები, რომლებმაც ბახტრიონის აჯანყების დროს ირანის შაჰის მიერ შემოსახლებული 80 ათასი თურქმანი ერთიანად ამოჟლიტეს და ამით კახეთი და შემდგომ სრულიად საქართველო უცილობელი გათათრებისაგან იხსნეს.

სამაგიეროდ, დასავლური გლობალისტური იდეოლოგიისადმი ხარკის გაცემის მოტივით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ნებაყოფლობით უახლოეს პერსპექტივაში ანალოგიურ გადაშენებას უპირებს საქართველოს, ხოლო კაბინეტებში, როგორც თავად აცხადებენ, უპირველესი ქართველი ლიბერალის ილია ჭავჭავაძის სურათების წინ ამაყად პოზიორობენ.

 რა ლიბერალიც და გლობალისტიც იყო ილია, ეს მის შემოქმედებაში მშვენივრად ჩანს, მაგრამ ურცხვობა და სიცრუე ხომ ლიბერალისტების მთავარი იარაღია. ამ სტრიქონების პატრონი ილია განა შეიძლება ლიბერალისტების სულიერი ბელადი იყოს? ”სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას”. ან ამ სტრიქონებისა: ”ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა, - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს, სახსენებლი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერ ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს სხვანი დაეპატრონებიან”. ჩვენი ქვეყნის უპატრონო საყდრად ქცევასა და უცხოელებისთვის გროშების ფასად გადაცემისათვის მოღვაწენი, როგორ შეიძლება ილიას მიმდევრებად ასაღებდნენ თავს?

ყველას გვახსოვს, საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 5 ივლისს "რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესის შესახებ" კანონის მიღებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ – „საპატრიარქო აყენებდა კანონის მიღების პროცესის შეჩერების ინიციატივას, რათა საზოგადოებაში ამ საკითხთთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა შეთანხება ვერ შედგა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ასევე ქვეყნის ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ კანონი უარყოფით შედეგებს უახლოეს მომავალში გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.

ამ კანონის საფუძველზე გამარტივდა საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების შექმნის პროცედურა, რაც ათასი რჯულის რელიგიური სექტების მიერ ქვეყანაში თავისუფლად პარპაშის უფლების მოპოვებას ნიშნავს და სწორედ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დასუსუტებას ისახავს მიზნად.

ქრისტიანული რწმენის მიმართ ილიას ასეთი შეხედულება გააჩნდა: ”ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ნიშნავდა მთელი საქართველოს მიწა-წყალს, ნიშნავდა ქართველობას. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, სჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-თვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარი მტრისა წინაშე”.

თანამედროვე საქართველოს გუშინდელი და დღეღავანდელი დღე კი, სეკულარიზმის ლოზუნგით ეკლესიისა და რწმენის როლის დაკნინებითა და დამცირებით გამოირჩევა, რაც რელიგიური თავისუფლების ქადაგებით უცხო კონფესიების საქმიანობის ხელშემწყობი გარემოს შექმნის პარალელურად მიმდინარეობს. ამას კი თავად ქართველი ხალხის შიგნით რელიგიური გაუცხოების გამწვავება და დიდი საფრთხის მომცველი დაყოფა-დაპირისპირება რომ მოსდევს, ეს არაფრად ანაღვლებთ ჩვენებურ ბობოლა ლიბერალისტებს.

კონკრეტულად ეს გამოიხატება პანთურქული ორგანიზაციების ისლამისტი მისიონერების მიერ ხელ-მოკლე ოჯახებიდან ათასობით ქართველი ახალგაზრდის თურქულ ისლამურ სასწავლებლებში თავისუფლად გაგზავნით, საიდანაც უმეტესად რეალურად უკან ბრუნდებიან ანტიქართული განწყობის მქონე თურქული გავლენის აგენტები. ქართულმა სახელმწიფომ და მისმა სპეცსამსახურებმა დასავლეთის მარიონეტული პოზიციების გამო ქართული სახელმწიფოსათვის ამგვარ სახიფათო მოვლენებს ვერაფერი ვერ დაუპირისპირეს.

ხოლო, თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ თურქეთი ჩვენი დიდი ისტორიული მეგობარია, როგორც ეს ეშმაკის მიმდევარმა სააკაშვილმა ერთგან განაცხადა, ის საღ აზრს არ ექვემდებარება. ერთ-ერთ სტატიაში დოკუმენტური წყაროების დამოწმებით აღვნიშნავდი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველოში თურქეთის სამხედრო ინტერვენციის განაზრახის შესახებ ორგზის, 1993 წელს და 2008 წელს, რაც ვერ განხორციელდა კავკასიაში რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციის გამო. თურქეთს მეზობელი ქვეყნებისა და მათ შორის საქართველოს ექსპანსიის სტრატეგია გააჩნია, რაც ჩამოყალიბებულია აქვს საგარეო პოლიტიკის დოქტრინაში.

1969 წელს ალფარსლან თურქეშმა თურქეთში ახალგაზრდული ნაციონალისტური მოძრაობა დაარსა. მოძრაობას “რუხი მგლები” უწოდეს. მოძრაობის სახელწოდება ორიგინალში ასე ჟღერს – “ბოზკურტლარ” (ბოზ – რუხი, კურტ – მგელი, ლარ – მრ. რიცხვ. ბოლოსართი). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ყაზანში ჩამოყალიბდა თურქი ხალხების ასამბლეა. ეს უკვე პანთურქიზმის ორგანიზებული ბრძოლის დაწყებას ნიშნავდა.

თურქეთი შეეცდება თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს შუა აზიის და შემდეგ ციმბირის თურქული მოდგმის ხალხები. ამით იგი ემუქრება რუსეთის სახელმწიფოს ისლამური ექსპანსიით, რაც ამერიკის ინტერესებშიც არის, რათა დაასუსტოს გეოპოლიტიკურად მზარდი ამბიციების მქონე რუსეთი.

ფაქტია, რომ ისლამური ექსპანსიის საშიშროება ანალოგიურად ემუქრება საქართველოსაც. საერთო საშიშროება კი მის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო ინტერესს წარმოშობს. ქვეყნის ინტერესები კი სწორი პოლიტიკის წარმართვის განმსაზღვრელი ფაქტორია.

ხოლო რამდენად შედის საქართველოს ინტერესებში რუსეთის დასუსტების ხარჯზე თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილება, ეს ჩვენმა ხალხმა უნდა განსაჯოს თურქეთის საგარეო ურთიერთობების კონცეფციის ძირითადი პრინციპების გაცნობიერების შემდგომ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ახმეტ დავითოღლუ საჯაროდ აცხადებს: არსებობს ოსმანთა იმპერიის მემკვიდრეობა. ჩვენ გვიწოდებენ ნეოოსმანებს, დიახ, ჩვენ ახალი ოსმანები ვართ და ამიტომაც ჩვენ გვევალება მეზობელი სახელმწიფოების საქმეების წარმართვა.”

იგივე დავით ოღლუ განმარტავს: სტრატეგიული სივრცისსტაბილურობისთვის აუცილებელია ახალი ოსმანური წესრიგის დამყარება, რაც გულისხმობს არამხოლოდ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, არამედ იმის მიღწევას, რომ მეზობელი ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ მხოლოდ თურქეთის გავლით და მეშვეობით”.

სწორედ ამ იდეას ემსახურება საქართველოში ბოდვითი იდეები მეგრული ეთნოიდენტიფიკაციის შესახებ და მისი დაკავშირება თურქეთში ლაზურ კულტუროლოგიურ ფესვებთან. თურქეთი ამ ბოლო დროს ცდილობს ეროვნულ უმცირესობებთან ლოიალური პოლიტიკის წარმართვით დაავიწყოს მის მეზობელ ხალხებს თურქული იმპერიაში შემავალი ერების ფიზიკურ-კულტურული გენოციდისა და ძალისმიერი ასიმილაციის ათასწლოვანი პოლიტიკური წარსული, რათა ეკონომიკურ-დემოგრაფიული ბერკეტებით მშვიდობიანი გზით შექმნას საერთო თურქული გავლენის სივრცე. ამის შესახებ ყოველგვარი იწილო-ბიწილოს გარეშე პირდაპირ თავხედური გულწრფელობით განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში: ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, აღვადგინოთ ოტომანთა უძლეველი იმპერია, ოღონდ მშვიდობიანი გზით, ყოველგვარი დაძალების გარეშე, მხოლოდ ფინანსური და ეკონომიკური პერსპექტივებით, ისევე, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოში, კერძოდ, — აჭარაში“.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სააკაშვილის მიერ წარმოებული პროთურქული პოლიტიკა, რომ;ლის შედეგადაც ათასობით თურქმა საქართველოს მოქალაქეობა და ეკონომიკური ბერკეტები მოიპოვა, ხოლო აჭარის რეგიონში, სადაც მოსახლეობის 80% ქრისტიანია, მხოლოდ 45 ეკლესია ფუნქციონირებს, სამაგიეროდ 200 მეჩეთია, რომელთა მინარეთებიდან მოლების ყივილით თურქული რელიგიურ-კულტურული გავლენა აშკარად იგრძნობა.

ამ კონტექსტში ჯდება 1944 წელს საქართველოდან სტალინის მიერ გადასახლებული ე.წ. თურქი მესხების, ხოლო რეალურად თავიანთი ეთნოფსიქიკით თურქების მასობრივად დაბრუნების პირობის დადება ქართველი ლიბერალისტების მიერ ჟვანია-სააკაშვილის მეთაურობით ევროკავშირის წინაშე, რაც ამჟამად ხორციელდება.

ბათუმში თურქეთის სულთნის აზიზიეს სახელობის გრანდიოზული მეჩეთის წამოჭიმვა კი იქნება იმის სიმბოლო, რომ თურქეთი ენაცვლება რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური გავლენით ჯერ აჭარაში, ხოლო შემდგომ მთელ საქართველოში.

პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოსთვის” საინიციატივო ჯგუფის წევრი -  გია თვალავაძე-ლოგოსი