დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ირანის პრეზიდენტთან მასუდ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც მას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა. ინფორმაცია ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ის ღრმად შეშფოთებულია რეგიონში არსებული სიტუაციით და კონფლიქტის ყველა მხარეს დეესკალაციისკენ და რეგიონული კონფრონტაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა. შეცდომის დაშვების დიდი რისკი არსებობს და ახლა სერიოზულად დაფიქრების დრო დადგა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სტარმერმა ასევე მოუწოდა ირანს არ დაესხას თავს ისრაელს, რამეთუ ომი არავის ინტერესებში არ შედის. ბრიტანეთის მთავრობის პრეს-სამსახურის მტკიცებით, სტარმერმა ასევე დაადასტურა მისი ერთგულება ცეცხლის შეწყვეტის, ყველა დატყვევებული ადამიანის გათავისუფლებისა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის მიმართ.
სტარმერმა აღნიშნა, რომ ამ შედეგების მისაღწევად დიპლომატიური მოლაპარაკებებია საჭირო.