საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ისრაელსა და „ჰამასს“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდ ბრიტანეთის ლიდერები მივესალმებით კატარში, ეგვიპტესა და შეერთებულ შტატებში ჩვენი პარტნიორების დაუღალავ შრომას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და ტყვეების გათავისუფლების მისაღწევად. ჩვენ მივესალმებით მისი აღმატებულების [კატარის] შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის, [ეგვიპტის] პრეზიდენტ სისისა და [აშშ-ის] პრეზიდენტ ბაიდენის ერთობლივ განცხადებას, რომელიც მოლაპარაკებების დაუყოვნებლის აღდგენას გულისხმობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, ისინი გააგრძელებენ მუშაობას და ყველა ხერხს მიმართავენ, რათა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობამ იკლოს და სტაბილურობის მისაღწევად საჭირო გზები გამოინახოს.
„სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყდეს ახლავე და „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ყველა ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. ღაზის მცხოვრებლებს ესაჭიროებათ სწრაფი და დაუბრკოლებელი დახმარების მიღება“, - ხაზგასმულია განცხადებაში.
მაკრონი, შოლცი და სტარმერი აგრეთვე მოუწოდებენ ირანს და მის მოკავშირეებს თავი შეიკავონ თავდასხმებისგან, რამაც შესაძლოა რეგიონში დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს და ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გათავისუფლებას ხელი შეუშალოს. ახლო აღმოსავლეთში ესკალაციისგან მოგებული არავინ დარჩება.