2013 წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დღეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა პარლამენტარებთან შეაჯამა. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში ლევან დოლიძემაც ისაუბრა. ნატოში ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე დეპუტატებს ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით დონდუამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დოლიძემ მიაწოდეს.
საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმოხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიღწეულ პროგრესზე, რაც ნატოს ყოველწლიური შეფასების დოკუმენტშიც არის ხაზგასმული. საუბარი შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსაც. „ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მივიდეს საქართველო 2014 წელს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე. აღნიშნულ პროცესში საქართველოს კანონმდებელთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ ყურადღებისთვის და ინტერესის მიმართ, რაც ჩვენს პარლამენტარებს აქვთ საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საპარლამენტო ზედამხედველობა დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ჩვენ ამ მიმართულებით ძალზე ეფექტურად ვპროგრესირებით“ - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.
თავდაცვის უწყების ნატოსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. მისი განცხადებით, 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოს პოზიტიური მოლოდინები აქვს, რაშიც პარლამენტიც იქნება ჩართული.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გენერალურ შტაბში გაიმართა, რომელსაც შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორიც დაესწრნენ.