აითოლა ალი ხამენეი: ირანის ვალია ჰანიეს მკვლელობისთვის შური იძიოს

აითოლა ალი ხამენეი: ირანის ვალია ჰანიეს მკვლელობისთვის შური იძიოს

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ირანის ვალია შური იძიოს „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს თეირანში მკვლელობისთვის.

„დამნაშავე და ტერორისტულმა სიონისტურმა რეჟიმმა ჩვენს სახლში ჩვენი საყვარელი სტუმარი მოწამებრივად მოკლა და ამით მწუხარებაში ჩაგვაგდო. თუმცა, ამან მკაცრ სასჯელს ჩაუყარა საფუძველი“, - ნათქვამია ირანის სულიერი ლიდერის განცხადებაში.

მისი თქმით, ჰანიეს მოწამებრივი სიკვდილის არასდროს ეშინოდა, რადგან ის წინააღმდეგობის მოძრაობას საკუთარი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სწირავდა.

„ჰამასის“ ლიდერი თეირანში გვიან ღამით მოკლეს. ის ირანის დედაქალაქში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. წინასწარი ინფორმაციით, სახლს, სადაც ჰანიე იყო დაბინავებული, მართვადი რაკეტა მოხვდა.