პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ კითხვებს საფრთხეებისა საქართველოს მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის შესახებაც უპასუხა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის უწყება ყველა შესაძლო განვითარების სცენარს აყალიბებს და მოვლენათა განვითარებისთვის სრულ მზადყოფნაში იმყოფება, თუმცა დღეს არსებული სადაზვერვო მონაცემების გათვალისწინებით, სამხედრო დაპირისპირების კუთხით, ესკალაციის საფრთხე ნაკლებად არსებობს. მინისტრმა ყურადღება სხვა ტიპის საფრთხეებზე გაამახვილა:
„ვხედავთ უფრო სხვა ტიპის საფრთხეებს, საზოგადოებრივი აზრის მომწიფებას ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის წინააღმდეგ , სკეპტიკური განწყობების ხელშეწყობის საფრთხეს. მე მიმაჩნია , რომ საქართველოს მომავალ წელს ასეთი გამოწვევები ექნება, რასაც გონივრული კონტრდაზვერვითი პოლიტიკითა და გონივრული იდეოლოგიური მუშაობით უნდა გავუმკლავდეთ“.
თავდაცვის მინისტრი სოჭის ოლიმპიადაში ქართველების მონაწილეობის თემასაც შეეხო. ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს სახელმწიფო პოზიციის დაფიქსირება სერიოზულ ძალისხმევად დაუჯდა. მაგრამ ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარება საქართველოს და ზოგადად, რეგიონის ინტერესებში შედის: „ოლიმპიადას რუსეთის ფედერაციისთვის პოლიტიკური პასუხების გასაცემად არ ვიყენებთ. ბუნებრივია, უსაფრთხოების კუთხით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ჩვენს შესაბამის, სპეციალურ უწყებებს შორის აუცილებელი გახდება, რომ არ მივცეთ მიზეზი ჩვენს არაკეთილმოსურნეებს, რაიმე ფორმით საქართველოს დადანაშაულების. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო აღმოჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალშიც და რეალურადაც სწორი, ძლიერი პარტნიორი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.