დავით ქართველიშვილი: პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს შემდეგ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ რეიტინგულად მართლაც 60%-ის ირგვლივ ტრიალებს და ეს მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს კიდეც

დავით ქართველიშვილი: პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს შემდეგ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ რეიტინგულად მართლაც 60%-ის ირგვლივ ტრიალებს და ეს მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს კიდეც

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ერთ-ერთ არხთან სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს შემდეგ უფრო მკაფიო გახდა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მართლაც 60%-ის ირგვლივ ტრიალებს და ეს მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს კიდეც.

„რატომ ვაფასებ ნინო შუბლაძესთან ყოველ ინტერვიუს, რაოდენ უცნაური და ხანდახან, გამაღიზიანებელიც კი (ხელისუფლების მხარდამჭერის პოზიციიდან) არ უნდა ჩანდეს მის მიერ რესპონდენტისთვის დასმული შეკითხვები. რა ქნას ჟურნალისტმა, თუკი ოპონენტების მხარეს სხვა შეკითხვებს ადგილი არა აქვს, ხოლო იმას რაც გააჩნიათ - სრული აბსურდი ასაზრდოებს.

მით უფრო საინტერესოა ისეთი რესპონდენტის, როგორიც პრემიერ-მინისტრია - ასეთი აბსურდების (გინდ საგარეო, გინდ საშინაო ხასიათის) მეთოდური, აუღელვებელი და გამანადგურებელი გაცამტვერება. სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა ნინო შუბლაძე თავის გადაცემაში და ამისთვის მას ცალკე მადლობა.

ჩვენი ე.წ. „ოპოზიციის" რეიტინგების დინამიკურ დაცემას, ჩემი აზრით, სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: 1) პრემიერ-მინისტრის ყოველი დიდი ინტერვიუ ან ვრცელი კომენტარი პრესასთან; 2) „ოპოზიციის" გარე ლობისტების ყოველი მომდევნო აბსურდული გამოხტომა და დაშინება/შანტაჟის მცდელობა, რისიც აქ აღარავის ეშინია და 3) თვით „ოპოზიციის" შიგნით თითოეული ახალი „მაზალო" გადაჯგუფება, პრინციპით - „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს".

მოკლედ, ინტერვიუ, როგორც ყოველთვის, იყო უძლიერესი - გირჩევთ უყუროთ. ჩემთვის ორი ძირითადი ხაზი მინდა გამოვყო მასში. ნინო შუბლაძის შეკითხვა - „ანტიდასავლურ", „აგრესიულ" და „უკუდემოკრატიულ" რიტორიკაზე და პრემიერის პასუხი, რომლის თითოეული ეპიზოდი „რკინაბეტონის" არგუმენტებზე დაფუძნებული, იყო „სიმართლე, სიმართლე და არაფერი, სიმართლის გარდა", რასაც წამყვანიც ყოველ ჯერზე ეთანხმებოდა.

უმარტივესი ლოგიკური მსჯელობით გამოდის, რომ სიმართლე - „იქ", გაიგივებულია ანტიდასავლურ, აგრესიულ და არადემოკრატიულ რიტორიკასთან. ხოლო დასავლური, არააგრესიული და დემოკრატიული რიტორიკა არის სიცრუე, დეზინფორმაცია და ცილისწამება. სწორედ ამ ველში გვითრევენ ჩვენი „აღშფოთებულად შეშფოთებული" პარტნიორები საურთიერთობოდ. „ნუ იყოფინ ესე ჩვენდა" - არის ამაზე პრემიერის პასუხი - ჩვენ დავრჩებით სიმართლის მხარეს და დაველოდებით პარტნიორებს, როდის გააკეთებენ იმავეს.

მეორე აბსურდული დეტალი იმ პირველიდან გამომდინარეობს და კვლავ „რუსულ კანონს" ეხება, ოღონდ აბსურდის ეს ფორმა ყველაზე ახლოსაა წმინდა ფსიქიატრიულ აშლილობასთან. ჩვენს არგუმენტს, რომ „ყაყაჩო წითელია", იმიტომ, რომ ასეთია, ზოგადად, ყაყაჩო ამერიკაში, საფრანგეთში ან კანადაში, სიცრუის ნაპირას ჩარჩენილი პარტნიორები ჯიუტად პასუხობენ, რომ ეს გამორიცხულია, „ჩვენს ყაყაჩოებს" თავი დაანებეთ, ვინაიდან ყაყაჩოს სიწითლეზე თქვენნაირი შეხედულება ერთი ერთში რუსეთსაც გააჩნიაო. დასავლეთმა ამ რუსულ „ვირეშმაკობას" დიდი ხანია ახადა ფარდა, ამიტომ საქართველოსთვის ყაყაჩო „ლურჯია" და ვინც ამ მოცემულობას არ იზიარებს - არის „რუსი" და „პუტინის აგენტი".

პრემიერ-მინისტრის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, მოწინააღმდეგის გარე თუ შიდა ბანაკში მომძლავრებული აბსურდის ფონზე, ჩემშიც ჩაეყარა იმ შეგრძნებას საფუძველი, რომ რეიტინგულად მართლაც სადღაც 60%-ის ირგვლივ ვტრიალებთ. თუმცა, ჩვენი ოპონენტების ყოველი შემდგომი განცხადების ფონზე, გინდ ვაშინგტონიდან, გინდ ბრიუსელიდან თუ ორბელიანების სასახლიდან, საარჩევნოდ ეს მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს კიდეც...“ - წერს დავით ქართველიშვილი.