რეპორტაჟი გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესიდან [Video]

რეპორტაჟი გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესიდან [Video]

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოგა ანჩაბაძის აღმკვეთ ღონისძიებაზე 3 საათის განმავლობაში მსჯელობდა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის 7 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე არ გაითვალისწინა და ანჩაბაძე პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო პროცესის დაწყების დროს, ბრალდებულმა ანჩაბაძემ და მისმა ადვოკატმა ალექსანდრე თათელიშვილმა სხდომის დახურვა ითხოვეს. ადვოკატის განცხადებით, სასამართლოზე საუბარი ისეთ დეტალებზე იქნებოდა, რისი გასაჯაროებაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ სურდა. პროკურორმა მირანდა წერეთელმა კი ადვოკატის საპასუხოდ განაცხადა, რომ შუამდგომლობა დასაბუთებული არ იყო და წერილობითი სახე არ ჰქონდა, რის გამოც ის უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საბოლოოდ მოსამართლემ სასამართლო პროცესი არ დახურა.

გოგა ანჩაბაძე სასამართლო დარბაზში ჟურნალისტების შესვლამდე შეიყვანეს. მისი ბრალდებულის კაბინაში შეყვანა სამართალდამცველებმა ვერ მოახერხეს, ამიტომაც ანჩაბაძე პროცესს სკამზე შემოდებული ფეხით ესწრებოდა. მიზეზი საპატიო იყო, მას ცემის გამო ფეხი მომტვრეული აქვს და გადადგილებაც უჭირს. ადვოკატმა განაცხადა, რომ ფეხის გარდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს მრავლობითი დაზიანებები აქვს, მათ შორის მოჭრილი აქვს მარჯვენა ყურიც - დარბაზში ბრალდებული ქუდით იჯდა.

პატრულის ყოფილი თანამშრომლის პროცესს ჟურნალისტების გარდა მხოლოდ დედა და მამიდა ესწრებოდნენ. ანჩაბაძის დედა სასამართლოს განჩინების დროს დარბაზში არ შემოსულა.

ბრალდების მხარემ ანჩაბაძისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება რამდენიმე მიზეზის გამო მოითხოვა. პროკურორი მირანდა წერეთელის განცხადებით, - „ანჩაბაძე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და არსებობს საფრთხე, რომ თავი ოკუპირებულ ტერიტორიებს შეაფაროს, და შესაძლოა მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს“. საქმის მეორე პროკურორმა დავით პაპავამ კი მოსამართლეს განუცხადა, რომ ანჩაბაძის მხრიდან შესაძლო გაქცევის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა შესაბამისი მტკიცებულება ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის ამ ეტაპზე არ წარუდგენია.

დაცვის მხარე პროცესზე ითხოვდა, რომ ანჩაბაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 7 ათასი ლარის გადახდა დაეკისრებინათ. „თუ გოგა ანჩაბაძეს მიმალვა სურდა, აქამდეც მიიმალებოდა, ის მზად იყო ეთანამშრომლა პროკურატურასთან და ამის შესახებ წერილი პროკურორს გაუგზავნა, ასევე გასათვალისწინებელია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც“, - განუცხადა მოსამართლეს ადვოკატმა ალექსანდრე თათელიშვილმა.

მისივე თქმით, გოგა ანჩაბაძის დაკავების დროს პროკურორმა პროცედუალური შეცდომები დაუშვა. კონკრეტულად კი თათელიშვილის განცხადებით, დაკავების ოქმი ანჩაბაძის სახლში მისი აყვანის დროს არ გაფორმებულა და დოკუმენტის დასრულება პროკურორმა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოახდინა.

მოსამართლის კითხვაზე, რატომ მოიქცა ასე პროკურორი, დავით პაპავამ განაცხადა, რომ დაკავების ოქმზე მორიგე ექიმის ხელმოწერა იყო საჭირო.

დაკავების დროს გოგა ანჩაბაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში არ გადაუყვანიათ, რასაც ასევე დარღვევად აფასებს მისი ადვოკატი.

თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის სიმართლეს სასამართლო პროცესებზე დაამტკიცებს. მეტიც, ანჩაბაძის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და დაკავება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე მოხდა. ალექსანდრე თათელიშვილის განმარტებით, დაზარალებულის ანა ძაპტაშვილის ტანსაცმელზე ჩატარებულმა არაერთმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ არ იკვეთება ძალადობის ნიშნები. ძალადობის კვალი არ ჩანს ძაპტაშვილისთვის ჩატარებულ ექსპერტიზაზეც. ადვოკატისვე განცხადებით, პროკურატურა როცა აცხადებს, რომ ყოფილმა პოლიციელმა იძალადა ძაპტაშვილზე, ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას.

ადვოკატს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარე და მტკიცებულებად მოწმეების ჩვენებები მოჰყავს.

დაცვის მხარე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ადვოკატი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ორშაბათს, 23 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გოგა ანჩაბაძეს პროკურატურამ ბრალი დღეს დილით წარუდგინა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული, რაც წინასწარ შეცნობით, ორსული ქალის გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს და თავისუფლების 9-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა გოგა ანჩაბაძე წუხელ საკუთარ სახლში დააკავეს. დაკავებულმა ღამე ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაატარა.

გოგა ანჩაბაძეს მეგობრის ცოლის, ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის ამ უკანასკნელის ქმარმა კონსტანტინე გულორდავამ სცემა და მრავლობითი დაზიანებები 12 ნოემბერს მიაყენა. მკურნალობის კურსს ანჩაბაძე ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა.

ანჩაბაძის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2014 წლის 14 თებერვალს 12 საათისთვის ჩაინიშნა.

მიმდინარე წლის 25 დეკემბერს კი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კონსტანტინე გულორდავას წინასასამართლო სხდომაა ჩანიშნული, გულორდავა სასამართლომ 14 ნოემბერს 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.