T. Blues Mob – მსოფლიოს წამყვან ბლუზმენთა ფერხულში

T. Blues Mob – მსოფლიოს წამყვან ბლუზმენთა ფერხულში

რაოდენ სასიამოვნოა, როდესაც შენი თანამემამულე წარმატებას აღწევს, მოვლილი  აქვს უცხოეთის ქვეყნები და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, ყველას აცნობს საქართველოს როგორც სიტყვით, ასევე საქმით, რაც უმაღლესი დონის პროფესიონალიზმში გამოიხატება...

კოკა ცქიტიშვილი ბას გიტარისტია, ინსტრუმენტის ვირტუოზული ფლობის გარდა, მას უპირველეს ყოვლისა გამოარჩევს ზოგადად მაღალი ცხოვრებისეული ინტელექტი და სასტიკი ნებისყოფა, პარტნიორი მუსიკოსებისგან თავდაუზოგავ შრომას რომ მოითხოვს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოკა ცხოვრების უდიდეს ნაწილს მუსიკას და ჯონი ვინტერს თუ დავესესხებით, თვით მუსიკაზე აღმატებულ - ბლუზს უთმობს, მის გარეშე უბრალოდ ვერ ძლებს და იგივეს უნერგავს გარშემომყოფ მუსიკოსებს წლების განმავლობაში. კოკას გამოჩენილი იტალიელი მწერლის - უმბერტო ეკოს მსგავსად, მიაჩნია, რომ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს არა ის, რაც საყოველთაოდ მიღებულია, არამედ ის, რაც მას თავად სურს, რომ იყოს მსმენელისთვის მისაღები.

ამიტომაც T. Blues Mob-ის რეპერტუარი ყოველთვის მარტივია მიდგომის თვალსაზრისით - ბლუზი ვერ იტანს ექსპერიმენტებს, მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებს არ უნდა სცდებოდეს, აუცილებლად უნდა იყოს ინგლისურენოვანი და მხოლოდ მაშინ მიიღწევა აუდიტორიასთან ენითაღუწერელი კავშირი, რასაც მხოლოდ ნამდვილი ბლუზური ინტიმი თუ განასახიერებს.

როდესაც ბლუზი მთელი გასული საუკუნის მანძილზე ვითარდებოდა, მიაღწია ჟღერადობის კომფორტის თვალსაზრისით მწვერვალს და დღესდღეობით მსოფლიოს წამყვანი ბლუზმენები ბლუზური სრულყოფილების შენარჩუნებით არიან დაკავებულნი, რადგან მადი უოტერსზე, ბი ბი კინგზე, ჯონი ვინტერსა თუ ბადი გაიზე დიდი ფიგურები ვეღარ გამოჩნდებიან, საქართველოს წარმომადგენელი T. Blues Mob ამერიკელ, ინგლისელ თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მრავალრიცხოვან  შემსრულებელთან ერთად, ამ დიდად საპასუხისმგებლო ბლუზურ ფერხულშია ჩაბმული, რაშიც მუსიკოსებს სამხრეთული ტემპერამენტიც უწყობს ხელს, არავითარ შემთხვევაში რომ არ უნდა გვესმოდეს ისე, თითქოს ისინი ამით ამდიდრებდნენ ბლუზს, რომელიც ექსპერიმენტებს ვერ იტანს...

T. Blues Mob 1999 წელს ჩამოყალიბდა და მისი თავდაპირველი შემადგენლობა ასეთი იყო: კოკა ცქიტიშვილი - ბას გიტარა, ზაურ შავგულიძე - კლავიშები, გია სალაღიშვილი - დასარტყამი ინსტრუმენტები და გია ძაგნიძე - გიტარა. ერთი წლის შემდეგ გია ძაგნიძის ადგილი კოლექტივში თამაზ თხინვალელმა დაიკავა და T. Blues Mob-თან პარტნიორობა დანიურმა კომპანია Marskmusic -მა დაამყარა, რომელთანაც თანამშრომლობა დღემდე გრძელდება.

უნდა ითქვას, რომ Marskmusic წლების განმავლობაში ისეთ შემსრულებლებთან აფორმებდა კონტრაქტს, როგორებიცაა ბი ბი კინგი, მეჯიკ სლიმი, ძმები ვინტერები, პოლ როჯერსი. დღესდღეობით კი T. Blues Mob მისი ერთადერთი პარტნიორია მთელს აღმოსავლეთ ევროპაში!

ზემოთხსენებული  შემადგენლობით T. Blues Mob -მა 2007 წლამდე იარსება. კოლექტივმა ამ პერიოდში საკმაოდ ნაყოფიერად იღვაწა და საკუთარ დისკოგრაფიას ორი ალბომი შესძინა. T. Blues Mob-ს თაყვანისმცემელები არამარტო საქართველოში, არამედ ევროპაში და განსაკუთრებით ძველი კონტინენტის „ბლუზურ მექაში“ - სკანდინავიის ქვეყნებში გამოუჩნდნენ. წლების განმავლობაში ჯგუფს უკვე 500 მეტი კონცერტი აქვს მიცემული და 50-მდე ფესტივალზე დაუკრავს მსოფლიოს წამყვან ბლუზ და როკ შემსრულებლებთან ერთად. მათ შორის აღსანიშნავია Johnny Winter, Omar & the Howlers, Dave Hole, Magic Slim & the Teadrops, Blaze, Walter Trout, Guy Forsyth, Rob Tognoni და კიდევ სხვები...  

ამ ხნის განმავლობაში სასცენო წარმატებებს უთანხმოების უსიამოვნო წუთებიც ერთვოდა. ეს ხომ პროფესიონალი მუსიკოსების ცხოვრების განუყრელი ნაწილია. საბოლოოდ ჯგუფი ჯერ დრამ კიტმა გია სალაღიშვილმა დატოვა 2007 წელს, ხოლო შემდეგ კი მას ჯონ ფოგერტის ყაიდის ხმის ტემბრის მქონე ვირტუოზი პიანისტი ზაურ შავგულიძეც მიჰყვა. სალაღიშვილი დავით მანიჟაშვილმა შეცვალა, ხოლო მას შემდეგ, რაც ჯგუფში ლაშა თოფურია გამოჩნდა, T. Blues Mob გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორი გიტარის სტრუქტურაზე გადაეწყო. ლაშა თოფურია იმავდროულად მომღერლის ფუნქციასაც ითავსებდა. ამ შემადგენლობით T. Blues Mob -მა რიგით მესამე ალბომი Live In Denmark 2010 ჩაწერა.

საკონცერტო ალბომის გამოსვლის შემდეგ, ჯგუფში ბევრი რამ შეიცვალა. T. Blues Mob -ის ჟღერადობა პიანისტ რომა რცხილაძის მოსვლამ გაამდიდრა, ბენდის ლიდერობას და კომპოზიტორობას კოკა ცქიტიშვილმა მომღერლობაც შეუთავსა და T. Blues Mob-იც განახლებული შემადგენლობით ევროპის სხვადასხვა ფესტივალების დასალაშქრად გაემგზავრა. კოლოსალურ სასცენო წარმატებას 2011 წელს T. Blues Mob-ის Europian Blues Union-ში გაერთიანება მოჰყვა, რაც ბლუზის სამყაროში კოკა ცქიტიშვილის ბენდის მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს.

ამავე პერიოდიდან ჯგუფს უკვე Koka & T. Blues Mob ჰქვია, რომლის სახედაც სულ ახლახანს გამოცემული ალბომი №1 იქცა. დავით მანიჟაშვილის დრამ ინტრო გამხსნელი  I’m Too Drunk (I Hate Pop Music) თითქოს „ჩვენ მოვდივართ“ შთაბეჭდილებას ჰქმნის, კოკას ვოკალზე თამაზ თხინვალელის ეფექტურად მორგებული wah wah გიტარ სოლოები ძველი ტანდემის შეთანხმებულობაზე ცხადლივ მეტყველებს, ხოლო  სიმღერის ბოლოს კი მსმენელის ყურს რომა რცხილაძის ჰამონდი შეუმჩნევლად ეპარება და თან ეფერება...

Baby I Still Love You კლასიკური ბლუზია ჟანრის საუკეთესო ტრადიციებით. სიმღერამ წარმოაჩინა კოკას, როგორც ვოკალისტის აშკარა წინსვლა, საკუთარი ხელწერის აღმოჩენა და სითამამე. თამაზის (თომასის) სოლო კი ნათლად მეტყველებს ცოცხალი მუსიკის მარადიულობაზე დღევანდელი ულმობელი და დაუნდობელი ციფრულ-ენერგეტიკული სამყაროს პირობებშიც კი.

მსმენელი Baby I Still Love You-ით დატკბობას ვერ ასწრებს, რომ მას კვალად კიდევ ერთი, ოღონდ ამჯერად უტკბესი I Owe You Nothing Woman მოსდევს. წინა ბლუზისგან განსხვავებით, აქ თავიდანვე იგრძნობა, რომ რომა რცხილაძის ჰამონდ სოლო დაგვხვდება, საბოლოოდ კი სიმღერა ინსტრუმენტული სოლოების დიდებულ ფეიერვერკად იქცევა.

ბუგის სტილში შესრულებული Gambling Man -ის არანჟირება მუსიკოსების ჯაზში ღრმა განსწავლულობაზე მიგვანიშნებს. კოკას ზომიერ და გემოვნებიან ვოკალზე დართული თომასის და რომას მოპასუხე სოლოები კი სიმღერას მით უფრო ეფექტურს ხდის.

ფანკი-შემყვანი Bad, Bad Girl მოწვეული სტუმრის საბა ჩიხლაძის, რომას და თომასის სოლოების დიდებული ნაზავია, რასაც „შემყვანობა“ ბოლოსკენ თანდათანობით მელანქოლიურ სიღრმეში გადაჰყავს. ეს კი მართლაც გვაკვირვებს, რადგან ალბათ ძნელი აღმოსაჩენია ფანკი სტილში შესრულებული სიმღერის ამგვარი მეტამორფოზა ფინალისკენ.

Don’t Spend My Money უმაღლეს დონეზე გამოხატული კლასიკური როკ’ნ’როლია, Take Me Back Now კი თითქოს ალბომში აქამდე შესული თითოეული სიმღერის ნაზავია უშრეტი იმპროვიზაციულობით დაჯილდოებული მუსიკოსების წარმოდგენილი R&B დიაპაზონში.

ამასობაში უკვე დროა, რომ კლასიკურ ბლუზს დავუბრუნდეთ და დრამზე ზაზა ცერცვაძით Slow Down-იც აღარ აყოვნებს. ამით ნათელი ეფინება ალბომის კონცეპტუალური თვალსაზრისით უმაღლეს დონეზე აწყობასაც, რადგან კოკა იმას აკეთებს რაც მას სურს, რომ მიაწოდოს მსმენელს, ხოლო როდესაც ბლუზში ასე თუ ისე ჩახედულ მსმენელთან ეს სრულ თანხმობაშია, სწორედ მაშინ მიიღწევა ღირებული პოპ მუსიკა, რაც სანატრელი გაუხდა გემოვნებიან მსმენელს და არა ის, რაზეც კოკა პირველი სიმღერის სათაურში მიუთითებს...

Take Me Down To The River-ში მუსიკოსები განსაკუთრებული სილაღით, გემოვნებიანი სოლოებითა და მშვიდი ვოკალით, თითქოს საკუთარ განვლილ მართალ გზას წარმოგვიჩენენ. მათ ხომ „ტოპ გოგოების“ ყურადღება არასოდეს მოაკლდებათ, რადგან კოკას „ტოპ ალბომების“ გარეშე არ შეუძლია. მახვილგონივრული ტექსტების შექმნაში კი მას მზია სორდია ეხმარება.