უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ფლორიდაში დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შეახებ ორბანმა სოციალურ ქსელში X დაწერა.
„მშვიდობის მისია 5.0. ჩემთვის დიდი პატივი იყო დღეს მარ-ა-ლაგოში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა. მშვიდობის დამყარების გზები განვიხილეთ. დღის კარგი ამბავი: ის ამ პრობლემის მოგვარებას აპირებს“, - წერს უნგრეთის პრემიერი.
თავის მხრივ, ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth social ორბანს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
„მშვიდობა უნდა იყოს, და ჩქარა. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო“, - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის შესაძლო გამარჯვება უკრაინაში „მშვიდობის შანსი“ იქნება.
„ვფიქრობ, საჭიროა ძალიან ძლიერი ზემოქმედება გარედან, იმისთვის რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს მოლაპარაკებების დაწყება ვაიძულოთ. ვის აქვს ამის შანსი? მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს, თუ ის აირჩიეს“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ორბანის შეხვედრებმა ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან აჩვენა რამდენად შორს არის ერთმანეთისგან რუსეთისა და უკრაინის ლიდერების პოზიციები, დასავლელ ლიდერებს კი არ სურთ ან არ შეუძლიათ მათ დაახლოებაში დახმარება.