უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას არ შეუძლია იწინასწარმეტყველოს, თუ რას იზამს დონალდ ტრამპი, თუ მას ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„მე მას [ტრამპს] არც თუ ისე კარგად ვიცნობ“, - ციტირებს Reuters-ი ზელენსკის. უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მას „კარგი შეხვედრები“ ჰქონდა ტრამპთან, თუმცა, ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ხდებოდა.
„მე ვერ გეტყვით, თუ რას გააკეთებს ის [ტრამპი], თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება. მე არ ვიცი“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. მთავარი კონკურენტები ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ჯო ბაიდენი და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი არიან. ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ამერიკის ხელისუფლება უკრაინისთვის გაწეული დიდძალი სამხედრო დახმარების გამო. იგი ზელენსკის „ისტორიაში დიდებულ ვაჭრად“ მოიხსენიებს.