ეკა სეფაშვილმა ვილნიუსში, ევროპის სოციალური ქარტიის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ეკა სეფაშვილმა ვილნიუსში, ევროპის სოციალური ქარტიის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ევროპის სოციალური ქარტიის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია ლიეტუვის რეპუბლიკის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა, სადაც იმსჯელეს სოციალურ სამართლიანობასა და სოციალურ უფლებებზე თანამედროვე გამოწვევების პრიზმიდან, ახალგაზრდების უფლებებზე, კლიმატის ცვლილებაზე, გაციფრულებასა და ხელოვნურ ინტელექტზე, სოციალური ქარტიის მნიშვნელობაზე, მის განხორციელებასა და ეფექრიანობაზე, ასევე, ქარტიის სისტემის ღირებულებაზე, როგორც საშუალებაზე, უპასუხოს/დაუპირისპირდეს სოციალური უფლებების ჩამოშლას და გააძლიეროს დემოკრატია.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ისეთი მაღალი თანამდებობის პირებმა, როგორებიც არიან: ლიეტუვის სოციალური და შრომის საკითხების მინისტრი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, ევროპული კომისიის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო ლიეტუვა, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რითიც მან რეიკიავიკის სამიტის შედეგად წარმოშობილი მისია შეასრულა.