შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივა

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივა

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს ინიციატივით, იმ აფთიაქების მიმართ, სადაც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები რეცეპტის გარეშე გაიყიდება, სანქციები გამკაცრდება: პირველივე ჯერზე მოხდება აფთიაქის მფლობელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და სააფთიაქო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა მინიმუმ 10 წლით. აღნიშნული კანონპროექტი მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

შსს-მ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის განხილვა მოხდა როგორც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში, ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. მთავრობის სხდომაზე შსს-ს მიერ წარმოდგენილი პაკეტი წარმოადგენს საბოლოოდ შეჯერებულ ვარიანტს, გათვალისწინებული წინადადებებითა და შენიშვნებით.
კანონპროექტის მიზანია კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების მოხმარების აღმოფხვრა და ლეგალური სამკურნალო საშუალებების არალეგალურ არხებში გადინების პრევენცია.

2009 წლიდან ფიქსირდება კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების (დეზომორფინი („ნიანგი“, „კრაკადილი“) და ამფეტამინები (ე.წ. „ვინტის“ და „ჯეფის“)) მოხმარების მკვეთრი ზრდა საქართველოში. მათ დასამზადებლად საჭირო უმთავრესი ქიმიური ნივთიერებების შეძენა ადვილად არის შესაძლებელი აფთიაქში, მზა ფარმაცევტული პროდუქტის - კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული საშუალებების სახით. აღნიშნული კომბინირებული საშუალებების აფთიაქებიდან გაცემა უნდა ხორციელდებოდეს „ფორმა N2“ რეცეპტის საფუძველზე, თუმცა ეს წესი უმეტეს შემთხვევებში უხეშად ირღვევა.

ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის, ისევე როგორც აღნიშნული უწყებების მინისტრების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე 2013 წლის 16 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე 27 აფთიაქში განხორციელებულმა ერთობლივმა ინსპექტირებამ გამოავლინა, რომ „ფორმა N2“ რეცეპტის გარეშე, კანონმდებლობის დარღვევით, გაცემულია 3 447 946 ერთეული (აბი) კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატი. აღნიშნული შეადგენს აფთიაქების მიერ სრულად გაცემული კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების რაოდენობის 99,99%–ს.