არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია ცდილობს არჩევნები წაართვას მოსახლეობას

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია ცდილობს არჩევნები წაართვას მოსახლეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ეხმაურება ოპოზიციის მცდელობებს, რომ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენოს და აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანია არჩევნები წაართვან მოსახლეობას და ამის ნაცვლად ძალადობრივი აქციებით მოიპოვონ ხელისუფლება.

"ამას აქვს ერთადერთი ახსნა, თუ რატომ მოქმედებს ასე რადიკალური ოპოზიცია. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს აქვს მრავალპარტიული პარლამენტი, თუმცა ეს ოპოზიცია არ დადის სხდომებზე და არ უნდა, რომ იყოს ნამდვილი ოპოზიცია. ასეთი საქციელი დემოკრატიასთან შეუთავსებელია და ანომალიაა.

პოლიტიკურ პარტიებს ჩვენ მივეცით საკმაოდ სოლიდური საბიუჯეტო დაფინანსება, ასევე დავწიეთ ბარიერი, რომ პოლიტიკური პარტიები შესულიყვნენ პარლამენტში და საქართველოს ჰქონოდა მრავალპარტიული პარლამენტი. მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა არაერთ დემოკრატიულ არჩევნებში, მათ რეალურად არ აქვთ იმედი, რომ რაიმე შედეგს აჩვენებენ და ექნებათ წარმატებული მცდელობა როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ არჩევნებით, ამიტომ აირჩიეს ანტიდემოკრატიული გზა.

ეს არის ძალადობრივი სცენარი, როცა სურთ უმცირესობის ძალადობრივი გეგმით მოხდეს ქვეყანაში ცვლილება, გადაწყვეტილება თავს მოახვიონ მოქალაქეებს, არჩევნები წაართვან და არა არჩევნებით მიიღოს ხალხმა გადაწყვეტილება, არამედ ძალადობრივი აქციებით. პარლამენტზე და ცესკოზე შეტევით.

მას შემდეგ, რაც ჩვენ დავნერგეთ ელექტრონული არჩევნების სისტემა, რომელიც გამორიცხავს ჩარევებს და მანიპულაციას ხმების დათვლის პროცესში, ისინი პირდაპირ გადავიდნენ გეგმაზე და წინასწარ ცდილობენ არჩევნების დისკრედიტაციას. არჩევნები მათთვის ჩაითვლება "გაყალბებულად" თუ მათ ვერ გაიმარჯვეს, ეს არის მათი მიდგომა დემოკრატიაზე" –განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ ასევე განმარტა, რომ უკვე ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში, სადაც ცესკომ ხმების დათვლის ელექტრონული სისტემა გამოიყენა, დათვლილი ხმები სრული სიზუსტით დაემთხვა რეალური ბიულეტენების რაოდენობას.

"ელექტრონული დათვლის სისტემას წინასწარ აკრიტიკებენ, არა და ამას ითხოვდა ყველა, მაშინ როდესაც არ ჰქონდა საქართველოს ეს სისტემა დანერგილი. 12–მა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ იმ 5 შუალედურ არჩევნებში, სადაც საქართველომ ეს სისტემა გამოიყენა, ხმები ზუსტად, ერთი–ერთში დაემთხვა რეალური ბიულეტენების რაოდენობას" – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.