სომხეთი და აზერბაიჯანი, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ნატოს სამიტზე მიიწვიეს, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო’ ბრაიენმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აღნიშნულ ღონისძიებას მართავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი სახელმწიფოსთვის, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის.
„ველოდები, რომ ორივე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
მისი ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას ნატოს 30 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.
ჯიმ ო’ ბრაიენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მზადაა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის.
„იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს მომავალში გამონახავენ შეხვედრის შესაძლებლობას. თუ ეს ვაშინგტონში მოხდება, მოხარული ვიქნებით, მივიღოთ ისინი და შევასრულოთ ნებისმიერი როლი, რომელიც შეგვიძლია. არის ბევრი არხი და ორივე მხარე ინარჩუნებს ძალიან ეფექტურ კავშირს. ჩვენ ამ პროცესებში ვმონაწილეობთ, როგორც მეგობრები“, - განაცხადა ჯიმ ო’ ბრაიენმა.
ნატოს სამიტს, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება, მონაწილეობს საქართველოც. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ აშშ-მა გადაწყვეტილება მიიღო, საქართველო ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მიიწვიოს.