თუ ევროპის არჩევნებსა და დემოკრატიას სჭირდება დაცვა გარე-ჩარევისგან, საქართველოს კიდევ უფრო მეტი დაცვა სჭირდება იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბევრად უფრო მაღალი რისკების გარემოში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში“.
მან აღნიშნა, რომ ქვეყნისა და ხალხის არჩევანი კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
„ჩვენი ხელისუფლების მიზანი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამაზე მკაფიო განაცხადი უბრალოდ, არ არსებობს, როცა ქვეყანას თავის კონსტიტუციაში უწერია ამ კითხვაზე პასუხი. რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში და რატომ იყო ამაზე მსჯელობა? საქართველომ მიიღო გამჭვირვალობის კანონი, რომლის მსგავსიც აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას, ხოლო დანარჩენ 12 ქვეყანას თვითონ ევროკავშირმა მოუწოდა, რომ დროულად შეიმუშაოს რეგულაციები გამჭვირვალობის სფეროში.
თუ ევროპაში ეს არის დემოკრატიული და ევროპული, საქართველოშიც ეს არის დემოკრატიული და ევროპული. თუ ევროპის არჩევნებსა და დემოკრატიას სჭირდება დაცვა გარე-ჩარევისგან, საქართველოს კიდევ უფრო მეტი დაცვა სჭირდება იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბევრად უფრო მაღალი რისკების გარემოში. საქართველოს ახლა თუ რამე სჭირდება, ეს არ არის ასეთი რეზოლუციები, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ლობისტებს რაღაც გაუგებარი ჩანაწერები შეაქვთ, არამედ საქართველოს დღეს კიდევ უფრო ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება. საქართველოს უსაფრთხოებას, კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური მხარდაჭერა სჭირდება ევროპის მხრიდან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ საქართველოსგან კანონის გვერდის ავლით სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატის ვერ მიღებაზე კეთდებოდა განცხადებები.
„გახსოვთ ამაზე ჩვენი პრინციპული პოზიცია, მაშინაც ასეთი რეზოლუციები იყო, ამაზე მეტი კრიტიკაც იყო, მაგრამ ჩვენ არ ჩავთვალეთ სწორად, რომ გამონაკლისი მიგვეღო იმ ადამიანზე, ვისაც შესაძლოა, სხვებზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს არ არის სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფო და ევროპული პრინციპი. მოვიდა დრო და საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი შეფასებით, საქართველოს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც არც კრიტიკას ერიდება და არც ზეწოლას ემორჩილება, როცა საქმე ეხება მშვიდობას და მოქალაქეების უსაფრთხოებას.
„ჩვენ ვაძლევთ პირობას მოქალაქეებს, რომ მომავალშიც ამ პასუხისმგებლობას შევასრულებთ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.