,,სამღვდელოება, საძოვრები, ყოფილი დეპუტატის ტბა და ჭიქა წყალი” – მძიმე თემები დეპუტატ ხაბელოვთან (Video)

,,სამღვდელოება, საძოვრები, ყოფილი დეპუტატის ტბა და ჭიქა წყალი” – მძიმე თემები დეპუტატ ხაბელოვთან (Video)

ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ლერი ხაბელოვი ამბობს, რომ პარლამენტი და მისი ბიურო მუნიციპალიტეტს უნდა აკონტროლებდეს. ამის შესახებ მან გამგებელს და მის დაქვემდებარებულ მოხელეებს შეხვედრის დროს განუცხადა. ოთხ საათიანი მოსმენა ისე დამთავრდა, რომ დეპუტატს მაგიდაზე სასმელი წყალიც არ დაუდეს, რაზეც იუმორით წყენაც გამოხატა. საუბრის თემები და საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში სოფლებში შემოვლის დროს პრობლემების ნუსხა ჩამოწერეს. მაჟორიტარმა ლერი ხაბელოვმა სოფლის რწმუნებულებისგან ნუსხაში ჩამოწერილი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ,,მაინტერესებს, ამ პრობლემებისგან რა მოგვარდა, რა ვითარებაა. იცით, რომ პარლამენტი და დეპუტატის ბიურო თქვენი მაკონტროლებელია და უნდა ვიცოდე, ჩვენგან რა დახმარება გჭირდებათ” – განაცხადა ხაბელოვმა.

საკმაოდ მძიმე გამოდგა სოფელ ზღუდერის ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულებისთვის ადგილობრივი მოსახლეობისა და სამღვდელოების წარმომადგენლებს შორის არსებული უთანხმოების შესახებ პასუხის გაცემა. დეპუტატის ბიუროს ადგილობრივებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხეობაში სამღვდელო პირები მოსახლეობას საძოვრების გამოყენების უფლებას არ აძლევს. გარდა ამისა, დეპუტატის ბიუროს ჩანიშნული აქვს ის ინფორმაციაც, თუ როგორ აწუხებს მამათა მონასტრიდან გამოსული კანალიზაცია ადგილობრივებს.

,,მამათა მონასტერი მთაზე მდებარეობს, სოფელი კი დაბლაა. ეს ფაქტი გაზვიადებულია და მსგავს ფაქტს ადგილი არა აქვს” – აღნიშნა ზღუდერის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა. რაც შეეხება საძოვრებს, სოფლის გამგებლის თქმით, პრობლემა მოსახლეობაშია, რადგან საქონელი უმწყემსოდ ჰყავთ გაშვებული მინდორზე.

მაჟორიტარი ბიურო სოფელ ბებნისში ყოფილი დეპუტატის ემზარ გელაშვილის საკუთრებაში არსებული ტბით და მიწის ნაკვეთებით დაინტერესდა. ,,ეს ტბა და მიწა ყოფილი დეპუტატისაა, გაარკვიეთ საბოლოოდ ეს?” – იკითხა ხაბელოვმა. სოფლის გამგებლის თქმით, მოსახლეობაში გაურკვევლობაა. ,,ტბის და მიწების დასაბრუნებლად 400 კაციანი ხელმოწერა შეგროვდა, მაგრამ გამოძიება არ მიმდინარეობს, იმ ხალხის ბრალიც არაა, პოლიცია ხალხს მოწმეებად არ იბარებს” – განაცხადა სოფლის გამგებელმა.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა კი აღნიშნა, რომ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის გამომძიებელთან, გვარად ტვილდიან მოსახლეობა ჩვენებების მისაცემად არ ან ვერ მიდის.

,,ვინ თქვა ეს?” – იკითხა რაიონის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა – ,,ეს სიცრუეა, ყოველ დღე ვხვდები ბებნისელებს, ხან სოფელში, ხან აქ და პრეტენზიებს კვლავ გამოთქვამს. თუ უნდათ, 100 კაცს ჩავუყვან გამომძიებლებს” – აღნიშნა რაიონის გამგებელმა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა ლერი ხაბელოვმა თქვა, რომ თუ მოსახლეობას კვლავ აწუხებს ყოფილი დეპუტატის ტბა და მიწები, შესაძლებელია, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ გამოძიების დაჩქარებას.

სოფელ მოხისის გამგებელს ახალგაზრდობის პრობლემები აწუხებს: ,,ჩვენი სოფლის ახალგაზრდობა იძულებული გახდა, რომ მეცხენეობას მიჰყოს ხელი, მარტო მე რომ დავითვალე, სოფელში უკვე 140 ცხენია. საქმე რომ არა აქვთ ახალგაზრდებს, სხვა რა უნდა გააკეთონ. იქნებ იყოს სოფელში ცეკვის, სპორტის და სხვა სახის ღონისძიებები ან წრეები” – თქვა მოხისის გამგებელმა.

,,სკოლას თუ სურს, შეუძლია, კონკრეტულ პედაგოგებთან ხელშეკრულებები გააფორმოს, შენც შეგიძლია ამ საქმეში ჩაერთო და მონაწილეობა მიიღო” – უთხრა რაიონის გამგებელმა სოფლის გამგებელს. როგორც სხდომაზე თქვეს, მოხისის გამგებელი თავად კარგი მოცეკვავეა.

დვანის გამგებელმა აღნიშნა, რომ სოფელში სიმშვიდეა. მეზობელ ოსურ სოფელ მუგუთთან, ისტორიულად მეგობრული ურთიერთობის გამო, დვანელებს მშვიდობიანი ცხოვრების გარანტია აქვს: ,,პანიკა სოფელში საერთოდ არ შეიგრძნობა. ხანდახან შეშფოთდებიან ხოლმე, რუსის მანქანა თუ არ გამოჩნდება მთის წვერზე, ფიქრობენ რამე ხომ არ ხდებაო. შეჩვეულები არიან ამ პროცესს. ერთ-ერთმა თბილისელმა დვანელმა ბავშვი სოფელში დააბრუნა და ჩვენს სკოლაში ასწავლის” – აღნიშნა დვანის გამგებელმა.

შეხვედრაზე სხვა სოფლების პრობლემებიც განიხილეს. მაგალითად, სოფელ ზემო ხვედურეთში რიტუალების სახლის რემონტი ყოფილი კანტორის შენობაში უნდოდათ ჩაეტარებინათ, თუმცა კანტორის შენობა ყოფილმა თავადებმა ციციშვილებმა დაიბრუნეს. ამიტომ იძულებული გახდნენ, სხვაგან მოეძებნათ ადგილი. იხ. ასევე უფრო ვრცლად ვიდეო: